კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

რამ გამოიწვია ბაჩალიაშვილის სიკვდილი – ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა

პროკურორი დავით გუმბერიძე

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ამ ეტაპისთვის მიღებული ექსპერტიზების შედეგები და მტკიცებულებები გაასაჯაროვა. ექსპერტიზის შედეგების შესახებ პროკურორმა დავით გუმბერიძემ ილაპარაკა.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მიღებული საბოლოო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის კუჭში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში, ნაწლავში, თირკმელში, კუნთში – აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები. ამავე დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების რაოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ დოზას. ექსპერტიზის დასკვნითვე, აღნიშნული მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას ორგანიზმზე.

ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების შემადგენლობა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატების ცარიელი ფირფიტების და აბების იდენტურია.

როგორც პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა, გამოძიებით დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს, „გუგლის“ საძიებო სისტემის მეშვეობით ეძებდა შემდეგი სახის ინფორმაციებს -„საძილე აბები ურეცეპტოდ“, „სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები“. იმავე დღეს, ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე „ფარმადეპოს“, „იმპექსის“, „პსპ“-ს, „ჯიპისის“, „ავერსის“ აფთიაქებში, სადაც ჯამში შეიძინა საძილე საშუალება 20 აბი, ანტიდეპრესანტი 28 აბი, ჰისტამინური რეცეპტოლორების ბლოკატორის შემადგენელი პრეპარატის 30 აბი, არტერიული წნევის პრეპარატი 60 აბი, და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატის შემადგენლობის პრეპარატის 12 აბი.

ბიოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილ წამლის მუყაოს კოლოფზე, წამლის ტუბებზე, აფთიაქ „ფარმადეპოს“ პაკეტსა და მასში მოთავსებულ წამლის ფირფიტებზე, ასევე, „ნაბეღლავისა“ და „ბაკურიანის“ ბოთლებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ-ი ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. ექსპერტიზით დადგენილია, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილ „ბაკურიანის“ წყლის ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ქიმიური შემადგენლობის კვალი.

ტრასოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანება არ აღინიშნება.

პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

პროკურატურამ ასევე გაასაჯაროვა ვიდეოკამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი აფთიაქებში ყიდულობს მედიკამენტებს. პროკურატურის ინფორმაციით, კადრები გადაღებულია 17 ივლისს.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button