რას პირდება თეა ახვლედიანი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/05/tea-axvlediani-2.jpg)
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო. თეა ახვლედიანმა ენგურის ხიდზე განთავსებული სამედიცინო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადგილზე მოქალაქეების ტესტირების პროცესი ნახა
“ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის შემსუბუქება ჩვენი ყოვედღიური საქმიანობის და საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ბუნებრივია, ამ კონტექსტში განიხილება საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უფლების სრულფასოვნად აღდგენა. ამ მიმართულებით, როგორც ცნობილია, ჩვენ გადავდგით არაერთი ქმედითი ნაბიჯი და განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები, ჩვენს ხელთ არსებული არაფორმალური კომუნიკაციის არხების გამოყენებით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით.
გასულ სექტემბერს ორგანიზებულად მოხერხდა 1000-ზე მეტი სტუდენტის, მოსწავლის და მათი თანმხლები პირების გადმოყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, განათლების პროცესის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით.
მოგვიანებით კი, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით შესაძლებელი გახდა ხანდაზმულთათვის პენსიის შეუფერხებლად აღება.
დღესდღეობით, როგორც ცნობილია, თავისუფალი გადაადგილება შეუზღუდავია პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვახორციელებთ ძალისხმევას, რათა სრულფასოვნად აღდგეს თავისუფალ გადაადგილებაზე წვდომა მთელი მოსახლეობისთვის”- განაცხადა თეა ახვლედიანმა.