რას უწუნებენ აგროდაზღვევის პროგრამას სოფლის მეურნეობაში ჩართულები

საქართველოში აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავდა აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას. თუმცა, წლების შემდეგ სოფლის მეურნეობაში ჩართული მოქალაქეების აზრი აღნიშნული პროგრამის შესახებ ორად იყოფა, მოსახლეობის ნაწილი აგროდაზღვევის პროგრამაში უნდობლობის გამო არ ერთვება და ხშირად ზარალის ანაზღაურებას ხელისუფლებისგან ითხოვს, ნაწილს დამატებითი ხარჯის გასაწევი ფულიც არ აქვს და დაზღვევას ამის გამოც ვერ ყიდულობს. თუმცა, ფერმერების თუ გლეხების ნაწილი დაზღვევას ყიდულობს.
სოფელ წინანდლის მკვიდრის ტარიელ დათუკიშვილის თქმით, ხალხი არ ენდობა ხელისუფლებას და შესაბამისად არ ენდობა აღნიშნულ პროგრამას. „წლებია სოფლის მეურნეობით ვარ დაკავებული, არასდროს გამიკეთებია აგროდაზღვევა. ამ მთავრობის ნდობა არ შეიძლება. ხალხს აღარაფრის გვჯერა და ამიტომ არც დაზღვევის გაკეთებას აქვს აზრი“, – ამბობს რადიო ჰერეთთან ტარიელ დათუკიშვილი.
გიორგი იჩუაძე სოფელ ლალისყურში ცხოვრობს და სხვადასხვალ ტერიტორიაზე 10 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთებს ფლობს. მის მეურნეობაშია როგორც ბაღჩეული კულტურები, ასევე ვენახი. წლების წინ აგროდაზღვევის პროგრამის მიმართ მასაც უნდობლობის განცდა ჰქონდა, თუმცა, მისი თქმით, დღეს პროგრამა შედარებით დაიხვეწა და ის აგროდაზღვევის ერთ ერთი აქტიური მომხმარებელია.
„ძალიან კარგი პროგრამაა, ბოლო სამი წელია ვაზღვევ ჩემს მეურნეობას, რამოდენიმეჯერ სტიქიამ დამიზიანა ვენახი და კომპანიისგან შეაბამისი კომპენსაციაც მივიღე. თუმცა ვფიქრობ, რომ გარკვეული ხარვეზები კვლავ არსებობს. მაგალითისთვის კომპენსაციის რაოდენობის და ზოგადად ხელშეკრულების პირობების გადახედვა არ იქნებოდა ცუდი“, – აცხადებს გიორგი იჩუაიძე რადიო ჰერეთთან.
აგრობიზნესის ტრენერის ზურაბ მაღრაძის აზრით, აგროსადაზღვევო სისტემა საქართველოში ჯერ კიდევ დასახვეწია და ფერმერების დიდი ნაწილი, აღნიშნულს არ უყურებს როგორც ბიზნესის შემადგენელ ნაწილს, მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევის მექანიზმი მათთვის საკუთარი მეურნეობის დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა.
„საქმე იმაშია, რომ სადაზღვევო პირობები ხელშეკრულებით არის გაწერილი, თუ დაზიანება სცდება კომპანიისგან ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ამ შემთხვევაში მეურნეს, რომელსაც შესაძლოა ხელშეკრულება კარგად არ ჰქონდეს წაკითხული, უჩნდება უნდობლობის განცდა. თავის მხრივ სადაზღვევო კომპანიებისთვის პრობლემა არის ის, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან აგროდაზღვევის ძირითადი მომხმარებლები, მიწის მცირე ნაკვეთები სხვადასხვა ტერიტორიაზე აქვთ გაფანტული და კომპანიისთვის რთულია მათზე მორგებული პროდუქტის შექმნა. ამ პრობლემიდან კი ერთადერთი გამოსავალი მიწის საყოველთაო უფასო და თანაბარი პრივატიზებაა, რაც დღეს და ხვალ ვერ მოხდება“, – ამბობს ზურაბ მაღრაძე.
ხშირად სხვადასხვა სტიქიის შედეგად დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების ის მეპატრონეები, რომლებსაც საკუთარი მეურნეობა დაზღვეული არ აქვთ, ანაზღაურებას ხელისუფლებისგან ითხოვენ. ექსპერტების აზრით, ქვეყანაში სადაც არსებობს აგროსადაზრვევო პროგრამა, სახელმწიფომ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა გამოყოს სუბსიდია.
„სახელმწიფომ არ უნდა მოახდინოს სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება მაგრამ იგი ვალდებულია გააკეთოს ყველაფერი, რათა სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის მოყვანილი მოსავალის განადგურების რისკები შეამციროს“, – აცხადებს რადიო ჰერეთთან ზურაბ მაღრაძე.
როგორც სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, მიუხედავად პრობლემების და მოსახლეობის მხრიდან უნდობლობისა, აგროდაზრვევის პროგრამით მოსარგებლეთა რიცხვი ყოველ მომდევნო წელს მატულობს. მაგალითისთვის თუ 2017 წელს აგროდაზღვევით მოსარგებლეთათვის გადახდილი სადაზღვევო თანხის მოცულობამ 5 000 000 ლარი შეადგინა, 2018 წელს დაზღვეულებისთვის გადახდილმა თანხამ 5 500 000 ლარი შეადგინა. 2019 წელს კი კომპანიამ მხოლოდ ყურძნის მოსავალი დააზღვია და ერთ მილიონ ლარამდე ზარალი აანაზღაურა.
ავტორი: ერეკლე ცოცანიძე, რადიო ჰერეთის ჟურნალისტი.