რაში იხდის წულუკიანის უწყება 181 124 ლარს
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულმა უწყებებმა, 2020 წლის თებერვალში კომპანია „დი დი ბი ჯორჯიას“, ფეისბუქ გვერდების მართვაზე, ერთობლივი ხელშეკრულება გაუფორმეს.
ინფორმაციას presa.ge ავრცელებს.
ხელშეკრულების მიხედვით, ამ კომპანიამ, მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების ფეისბუქ გვერდების მართვა უნდა განახორციელოს.
ამავე დროს, იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში (პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სახლი, საჯარო რეესტრი, სერვისების განვითარების სააგენტო…) დაქირავებული ჰყავთ მაღალანაზღაურებადი თანამშრომლები, რომლებიც სოციალურ ქსელ ფეისბუქის გვერდებზე არიან პასუხისმგებლები.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ფონზე, წულუკიანის უწყებამ მაინც საჭიროდ ჩათვალა, რომ ბიუჯეტიდან დამატებით 181 124 ლარი გადაეხადა კომპანიისთვის, რომლის დამფუძნებელი “ქართული ოცნების” მსხვილი შემომწირველია.
შპს „დი დი ბი ჯორჯიას“ დირექტორი და 100 პროცენტიანი წილის მფლობელი დავით ჯაშიაა, რომელმაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” 60 000 ლარი შეწირა.
ხელშეკრულება, რომელიც 181 124 ლარი გვიჯდება, 11 თვიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის სამინისტრო და მასთან დაკავშირებული სახელმწიფო ორგანიზაციები, “ქართული ოცნების” მსხვილი შემომწირველის კუთვნილ კომპანიას, ფეისბუქ გვერდების მართვაში, თვეში 16 465 ლარს გადაუხადიან.