მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საჰაერო სივრცეში უპირატესობის მოპოვებისთვის 128 მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი სჭირდება

ავიაგამანადგურებელი F-16- უკრაინის დახმარება გრძელდება

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, საჰაერო სივრცეში უპირატესობის მოპოვებისთვის ქვეყანას 128 მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი სჭირდება. აღნიშნული განცხადება იგნატმა „რადიო სვობოდას“ ეთერში გააკეთა.

“უკრაინის საჰაერო ძალების ხედვით, რომელიც გადაიარაღებასაც გულისხმობს, ლაპარაკია 128 ასეთ გამანადგურებელზე, რაც საკმარისი იქნებოდა ტექნიკის მოძველებული პარკის შეცვლისთვის და გადანაწილებისთვის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს, დაახლოებით, 4 საავიაციო ბრიგადაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მისივე თქმით, უკრაინას ასევე სასწავლო თვითმფრინავები და სატრანსპორტო ავიაცია სჭირდება.

„F16-ის ტიპის მრავალმიზნობრივ გამანადგურებლებს დარტყმის განხორციელება ხმელეთზე, ზღვაში და ჰაერში შეუძლია, ასევე უპილოტო საფრენ აპარატებსა და თვითმფრინავებზე“, – დასძინა მან.

დანია უკრაინას გადასცემს 19 ამერიკულ ავიაგამანადგურებელ F-16-ს. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. ზელენსკი დანიაში 20 აგვისტოს ჩავიდა.

დანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინა F-16-ებს ეტაპობრივად მიიღებს, რაც უკავშირდება აშშ-ისგან შესაბამისი ნებართვის მიღებას და უკრაინელი მფრინავების მომზადებას. გარდა ამისა, დანია F-16-ების სანაცვლოდ ელოდება ახალ ამერიკულ გამანადგურებლებს, F-35-ს.

უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, უკრაინის არმია დანიისგან პირველ ექვს F-16-ს წლის ბოლოსთვის მიიღებს.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დანიაში ჩავიდა ნიდერლანდიდან, რომელიც უკრაინას გადასცემს F-16 ტიპის 42 ავიაგამანადგურებელს.

მსგავსი პოსტები

Back to top button