„რატის ბარში“ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს

პოლიცია აცხადებს, რომ „რატის ბარში“ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული, 1989 წელს დაბადებული ი.გ. და მეორე პირი, რომელსაც ბრალად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება . ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულის გარდა დაკავებულია პირი, რომელიც მკვლელობის ფაქტს შეესწრო, თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.
პოლიციის განცხადებით ბრალდებულმა ბარში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა 2006 წელს დაბადებული ა.შ. და ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.შ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ი.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1980 წელს დაბადებული რ.პ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ი.გ.-მ, თბილისში, ერთ-ერთ ბარში სტუმრად ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ბარში მყოფი, 2006 წელს დაბადებული ა.შ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.შ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო რ.პ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს”, -ნათქვამია ინფორმაციაში.
მკვლელობა ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე დაწესებულებაში გამთენიისას მოხდა. მოკლულია 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა.