რატომ ამბობს ოჯახი უარს დახმარების მიღებაზე? [აუდიო]

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია ამბობს, რომ სოციალურად დაუცველი სიფრაშვილების მრავალშვილიანი ოჯახის დახმარების სურვილი აქვთ, თუმცა თავად ოჯახი გარკვეული სახის პრობლემებს ქმნის.

როგორ რადიო “ჰერეთს” გამგებელმა განუცხადა, მუნიციპალიტეტი რომ სიფრაშვილებს დაეხმაროს, ამისთვის ოჯახმა გამგეობაში განცხადება უნდა დაწეროს, თუმცა ჯამბურიას თქმით, ბავშვების დედა გაურკვეველი მიზეზების გამო განცხადების დაწერაზე უარს ამბობს, რაც დახმარების გაცემას აფერხებს. გამგებელი ეჭვობს, რომ შესაძლოა საქმის გაჭიანურებაში გარკვეული ძალები იყვნენ ჩართული.

განცხადების დაწერაზე უარის თქმას ადასტურებს უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრი მაყვალა სიფრაშვილი. მისი თქმით, “განცხადების დასაწერად არ სცალია, რადგან სოფელში ნახირს მწყემსავს”. ქალბატონი “ჰერეთთან” საუბარში იმასაც ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული ოდენობის ფულადი დახმარება მიიღო და თავად გადაწყვეტს ფული როგორ და რაში დახარჯოს.

შეგახსენებთ, რომ სიფრაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში ცხოვრობს. ოჯახს არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი სახლი. ისინი თავს მიტოვებულ შენობას აფარებენ, რომელსაც არც ჭერი აქვს და არც იატაკი. მათ საკვების მოპოვებაც უჭირთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button