კიევი დარია დუგინას აფეთქებასთან კავშირს უარყოფს

გასულ ღამეს მოსკოვის რეგიონში მომხდარ აფეთქებაზე, რა დროსაც რუსი ფილოსოფოსის, „რუსული სამყაროს“ იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დაიღუპა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კომენტარი გააკეთა.
„ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინა, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია ამ საქმესთან, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია, და მითუმეტეს, ტერორისტული სახელმწიფო“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.
პოდოლიაკის აზრით, მომხდარი რუსეთის ხელისუფლების შიგნით გავლენებისა და ძალაუფლებისთვის დაპირისპირებებზე მეტყველებს.
კიევს დარია დუგინას აფეთქებაში ბრალი ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტმა ლიდერმა, დენის პუშილინმა დასდო.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელი პროგნოზირებს, რომ ამ ინციდენტს რუსეთის ხელისუფლება გამოიყენებს საკუთარ საზოგადოებაზე იდეოლოგიური და ინფორმაციული ზეწოლის გასაზრდელად, რათა გაიზარდოს უკრაინის მიმართ სიძულვილის ხარისხი, ასევე შიდა იდეოლოგიური სივრცის რადიკალიზაცია.
ზოგიერთი ცნობით, თავდასხმის სამიზნე, სავარაუდოდ, თავად დუგინი იყო, რომელმაც ბოლო მომენტში გადაწყვიტა, სხვა მანქანით წასულიყო და არა ქალიშვილთან ერთად საჭესთან დამჯდარიყო, როგორც ყოველთვის.
აღსანიშნავია, რომ წამყვანმა რუსმა პროპაგანდისტებმა, კერძოდ, ვლადიმერ სოლოვიოვმა და მარგარიტა სიმონიანმა, დარია დუგინას სიკვდილის გამო, უკრაინის მიმართ ანგარიშსწორება უკვე მოითხოვეს.
შეგახსენებთ, ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა გუშინ, ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა. შემთხვევა მოსკოვის ოლქში, სოფელ ბალშიე ვიაზემისთან დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა.
ცნობისთვის მომხდარი ფაქტის გამო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი სერგეი მარკოვი აცხადებს, რომ კრემლის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამის შესახებ მარკოვმა სოციალურ ქსელში განაცხადა. დუგინის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.
“საბრალო ალექსანდრ დუგინი. ის ახლა საავადმყოფოშია” – აცხადებს სერგეი მარკოვი.