რუსეთი სპეცოპერაციის მიზნებზე უარის თქმას არ აპირებს-პუტინი

დასავლეთი უკრაინაში თავის აგრესიულ მიზნებზე უარს არ ამბობს, მაგრამ არც ჩვენ ვაპირებთ უარი ვთქვათ სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებულ ჩვენს მიზნებზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.
„დასავლეთი უარს არ ამბობს რუსეთის შეკავების სტრატეგიაზე და უკრაინაში მის აგრესიულ მიზნებზე, მაგრამ არც ჩვენ ვაპირებთ უარი ვთქვათ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებზე“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, ე.წ. „სპეცოპერაციის“ მიმდინარეობისას მთელი რიგი პრობლემები გამოვლინდა, მათ შორის ის, რომ აუცილებელია საკომუნიკაციო სისტემის აღდგენა და თანამედროვე სადაზვერვო ტექნოლოგიების უფრო ეფექტური გამოყენება.
„სპეცოპერაციამ გამოავლინა პრობლემები, ამდენად, ჩვენ გვჭირდება სერიოზული რესტრუქტურიზაცია საკომუნიკაციო სისტემის მუშაობაში, დაზვერვის თანამედროვე საშუალებების გაცილებით ეფექტური გამოყენება, ჩვენი ხელოვნური თანამგზავრების შესაძლებლობების გაზრდა არა მხოლოდ სპეცოპერაციის ზონაში, არამედ გლობალურ დონეზე“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, მტერი დიდ ზარალს განიცდის და დიდწილად გაფლანგა თავისი რეზერვები. პუტინის განცხადებით, დასავლური სამხედრო ტექნიკის ხელშეუხებლობის შესახებ მითი დანგრეულია.
პუტინის თქმით, ამავდროულად ამ ოპერაციამ პრობლემები გამოავლინა. მისი განცხადებით, მაღალი სიზუსტის ჭურვებისა და უპილოტო თვითმფრინავების წარმოება უნდა გაიზარდოს, ასევე, აუცილებელია, რომ საჰაერო თავდაცვის ოპერაციები გაუმჯობესდეს.
ამასთან რუსეთის პრეზიდენტმა, თავდაცვის სამინისტროს შეხვედრაზე თქვა, რომ მზად იქნება უკრაინასთან, აშშ-თან და ევროპასთან უკრაინის მომავალზე სასაუბროდ, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ.
“უკრაინას, მათ ვინც აგრესიულები არიან რუსეთის მიმართ, ევროპასა და შეერთებულ შტატებს – უნდათ [რუსეთთან] მათ მოლაპარაკება? ნება მიეცით. მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ არ დავთმობთ იმას, რაც ჩვენია”, – თქვა პუტინმა.