მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

რატომ არ მიმართავენ თელაველები ექიმს – ექიმის რჩევა

სასკოლო და ბაღის ასაკის ბავშვების გახშირებული ავადმყოფობის მიუხედავად, თელავის ბავშვთა საავადმყოფოში, ექიმთან მიმართვიანობა, სეზონთან შეუსაბამოდ დაბალია.

როგორც რადიო ჰერეთს ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა თამილა თეიმურაზიშვილმა განუცხადა,  გასულ წელს, ბავშვთა საავადმყოფოს ბევრად მეტი პაციენტი მიმართავდა.

“ბავშვთა მომართვიანობა ამ სეზონისათვის შესაბამისი არ არის. ამ დღეებში გავაკეთებთ სტატისტიკას და შედარებას. ვიცი, რომ მონაცემებიც ამას გვეტყვის. კორონავირუსის პანდემიის ფონზე, სულ გვაქვს შიში, რომ უბნებზე ავადმყოფები არ გაგვეპაროს. მე ვფიქრობდი, რომ მცირე სიმპტომების შემთხვევაშიც, ბევრი მშობელი მოგვაკითხავდა, თუმცა ასე არ მოხდა. ზოგიერთ მშობელს, ვიცი, რომ ის პროცედურა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ კოვიდ-19-ის ანალიზისათვის, არ მოსწონს, მაგრამ ეს აუცილებელია. ბავშვები ამ ვირუსს ადვილად იტანენ, მაგრამ მას ოჯახის წევრები ხომ ჰყავს, ამიტომ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ”, – განაცხადა თეიმურაზიშვილმა.

რაც შეეხება სკოლებსა და ბაღებში მოსწავლეთა ავადობას, მომატებულია. ამას სასწავლო და საღმზრდელო პროცესში მონაწილე ბავშვთა შემცირებული რაოდენობაც ადასტურებს.

თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი, ია ლუარსაბიშვილი, რადიო ჰერეთთან ადასტურებს, რომ საბავშვო ბაღებში, რეგისტრირებულ აღსაზრდელთა რაოდენობასთან შედარებით, სააღმზრდელო პროცესზე ბავშვების დასწრება, ბევრად დაბალია.

“ძალიან ბევრი არ დადის. ზოგს პანდემიის გამო შიში აქვს, ზოგი ვიცი, რომ ავად არის. ახლაც გვაქვს შემთხვევა ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, ბავშვი ავად არის და მშობლისგან ვითხოვთ ცნობას, რომ არა მხოლოდ იმ ბავშვის, არამედ მისი ოჯახის წევრის ბაღში სიარული უსაფრთხოა. ვნახოთ, მიმართავს თუ არა უბნის ექიმს. ბავშვების განსაკუთრებით დაბალი აქტივობაა, ქალაქის ბაღებში”, – განაცხადა ლუარსაბიშვილმა.

თელავის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორი, ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ ავადმყოფობის გამო, სასწავლო პროცესს ბევრი მოსწავლე აცდენს.

“ვიცით, რომ ავად არიან. რამდენიმე შემთხვევა ისეთიც გვქონდა, რომ ბავშვი უკან გავაბრუნეთ და მშობელს დავუკავშირდით. შემდეგ ექიმს აკითხავს თუ არა, ამას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ. მასწავლებლები პროგრამას ნელა მიჰყვებიან, რომ ჩამორჩენა არ მოხდეს”, – აცხადებს დირექტორი.

რადიო ჰერეთი ესაუბრა მშობლებს, რომლებსაც ავადმყოფობის გამო, ბავშვი სკოლაში ან ბაღში არ დაჰყავს.

ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის მშობელი, თეა ჯავახიშვილი ამბობს, რომ სიმპტომების მიუხედავად, მოზარდი უბნის ექიმთან არ მიუყვანია.

“უბნის ექიმისათვის არ მიგვიმართავს. რატომ უნდა მეგონოს, რომ კორონა ვირუსი აქვს? ტესტის გაკეთება არც მიფიქრია. საავადმყოფოში მისვლისაც გვეშინია, ექიმებიც არიან დაინფიცირებული. სახლში მკურნალობას ვამჯობინებთ”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

ერთ-ერთი ბაღის აღსაზრდელის მშობელი, ნატო გრიშიკაშვილი ჰერეთთან ამბობს, რომ შესაძლოა, ბავშვი სამედიცინო პერსონალისგან დაინფიცირდეს.

“არ მივსულვართ ექიმთან, არც 112- ში დამირეკავს. ახლა ყველაზე მეტად მედპერსონალთან კონტაქტის გვეშინია. სიმართლე გითხრათ, შექმნილი ვითარების გამო, ვეღარ ვხვდები, რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ”, – განაცხადა გრიშიკაშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან, დღემდე, კოვიდ-19-ით, 21 ბავშვი დაინფიცირდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსით, ბავშვთა ავადობის მაჩვენებელი, კახეთში, მაღალია.

“ბავშვთა ავადობის მაჩვენებელი მაღალია. ინფიცირებულთა შორის, ცხრა თვის ჩვილიც იყო და ერთი სკოლის ხუთი მოსწავლეც. ჩემი დაჟინებული რჩევაა, სიმპტომების გამოვლენისთანავე, მივმართოთ უბნის ექიმს, ან დავრეკოთ 112-ში. ცხელების ცენტრები გვაქვს, თავად ბავშვთა საავადმყოფოებში არის პერსონალი, რომელიც ბიოლოგიურ მასალას აიღებს. ნუ დავეყრდნობით იმას, რომ ბავშვები ვირუსს ადვილად იტანენ. ჩვენ გვყავს ოჯახის უფროსი წევრები, რომლებისთვისაც შესაძლოა კოვიდ-19 რთული გადასატანი აღმოჩნდეს”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში, კორონა ვირუსის 181 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button