მნიშვნელოვანირეგიონი

რატომ არიდებენ თავს კომპანიები ძვირადღირებულ პროექტებს

რატომ არიდებენ თავს კომპანიები ძვირადღირებულ პროექტებს-კიდევ ერთი რამდენიმემილიონიანი ტენდერი თელავში.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ 3 499 988 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო პირობების თანახმად, ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცეები უნდა მოეწყოს.
სივრცეების მოწყობას საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, ადგილობრივ ბიუჯეტთან ერთად აფინანსებს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროექტის სტრატეგიული მიზანი თელავის ურბანული ტერიტორიის ინტეგრაცია, რეგიონულ ცენტრზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობაა.

თითქმის სამი თვეა, თელავის მუნიციპალიტეტის მერია, კიდევ ერთი, რამდენიმემილიონიანი პროექტის დაწყებას უშედეგოდ ცდილობს.

საქმე ეხება ორმილიონნახევრიანი ღირებულების პროექტს, რომლის მიხედვითაც თელავის აღმოსავლეთ ნაწილში “მშვიდობის პარკის” უნდა მოეწყოს.
ტენდერი პარკის მოსაწყობად უკვე მესამედ გამოცხადდა.

ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კიდევ დიდხანს არ გამოვლინდეს.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ბადურ რევაზიშვილი ფიქრობს, რომ პროექტები შესაძლოა ვერც განხორციელდეს.

” მშვიდობის პარკის” ტენდერი რამდენჯერმე ჩავარდა. თითქმის სამმილიონ ნახევარ ლარზე, კიდევ ერთი ახალი ტენდერი გამოცხადდა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროექტებს, რომლებიც თავისთავად, კარგია, განხორციელება არ ეწეროს. საქმე იმაშია, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარებისა და ფასების ყოველდღიური მატების ფონზე, კომპანიებს აღარ უღირთ ასეთ პროექტებს ხელი მოკიდონ. ძალიან მაღალია რისკი და იმის ალბათობა, რომ სამშენებლო მასალებზე დღეს დაანგარიშებული თანხა, ხვალ გაორმაგდეს. თუ კომპანია პირობებს ვერ შეასრულებს, დაჯარიმდება, ან პასუხს სხვაგვარად მოსთხოვენ, ამიტომაც არ უღირს გარისკვა. ისევ მერიამ უნდა მოიფიქროს რამე, რომ დაინტერესებულ კომპანიას ლავირების შესაძლებლობა ჰქონდეს, თორემ ეს პროექტები, პროექტებად დარჩება”- ამბობს რევაზიშვილი.

3 499 988 ლარის ღირებულების პროექტის განხორციელების მსურველი კომპანიებისგან წინადადებების მიღება, 5 მაისს დაიწყება და 10 მაისამდე გაგრძელდება.

ტენდერში გამარჯვებულმა პროექტი, ხელშეკრულების გაფორმების დღიდან, 240 დღის ვადაში უნდა განახორციელოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button