მნიშვნელოვანისიახლეები

გაეროში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძე დაინიშნა

პრეზიდენტის გადაწყვეყტილება მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ შეაფასა

გაეროში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძე დაინიშნა. ახალ თანამდებობაზე წარმატება მას გაეროში საქართველოს ყოფილმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ უსურვა. დავით ბაქრაძის გაეროში დანიშვნას პრეზიდენტმა თავის დროზე, ხელი არ მოაწერა და განაცხადა, რომ აშშ-ში მისი მუშაობით უკმაყოფილო იყო. ამ ფაქტს ქართული ოცნებასა და ზურაბიშვილს შორის უთანხმოება მოჰყვა.

ზურაბიშვილმა ივლისში განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გახდა, 37 ელჩი იქნა წარდგენილი და აქედან 36-ის დანიშვნას ხელი მოაწერა, დარჩენინლი ერთი კი სწორედ ბაქრაძე იყო.

“ჩემი აზრით და ალბათ, თქვენც აღიარებთ, რომ დიპლომატიაში მაქვს რაღაც გამოცდილება და შემიძლია, შევაფასო, ადამიანს, რომელიც იყო 5 წელი ელჩი ამერიკაში, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის. არა ვიზიტი მაღალი დონის ორგანიზებული, არა იქით, არა აქეთ. […]

ელჩი, რომელსაც კონტაქტები არ აქვს, რომელსაც არ დაუწერია არც ერთი სტატია, რომელსაც არც ერთ ტელევიზიაში არ გამოსულა, ჩემი აზრით, ეს არგუმენტები წარვუდგინე, არ უნდა იყოს დანიშნული გაერო-ში, რომელიც არის ჩვენთვის მეორე ასეთივე მნიშვნელოვანი, ანუ ჩვენთვის მთავარი – ვაშინგტონი, ნიუ იორკი და ბრიუსელი ხომ? თუმცა, წავიდეს სხვაგან და მე შევთავაზე, რომ კანადაში წასულიყო. ეს არ მიიღეს, არა, უთუოდ უნდა წავიდეს გაეროში. ვთქვი, რომ ამას არ ვეთანხმებოდი და ამ საუბრებისას მოვითხოვე მათგან არგუმენტები, რატომ ეს ადამიანი?”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

თავად იმნაძე საქმიანობას კანადაში გააგრძელებს.

დავით ბაქრაძე 2016 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აპრილამდე აშშ-ში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო. ის თანამდებობაზე დავით ზალკალიანმა შეცვალა.

დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნაზე კომენტარები გაკეთდა პარლამენტშიც.

“ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით, ვერავინ იტყვის რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილების გადახედვა ვინმემ აიძულა, რადგან ის გუნდისგან მაქსიმალურად დამოუკიდებელია.

“ქალბატონი სალომე ცოტა თავისებური ადამიანია, ხასიათის ადამიანია და ეტყობა იმ ხასიათზე იყო მაშინ როცა თქვა და მგონია, რომ შეუფერებელი იყო ის განცხადებები რაც გააკეთა დიპლომატების მიმართ და განსაკუთრებით ბატონი დავითის მიმართ, თუმცა მან მაინც გადაწყვიტა, რომ ხელი მოეწერა და დაენიშნა, აქ ვერავინ ვერ იტყვის, რომ ვინმემ აიძულა, არა, ქალბატონი სალომე არის მაქსიმალურად დამოუკიდებელი გუნდისგან, მე მგონი ყველა ინსტანციისგან და თვითნებურად, თავისი გადაწყვეტილებებით იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა ზარქუამ.

ოპოზიციის განცხადებით, თავად პრეზიდენტმა უნდა განმარტოს, რატომ შეცვალა გადაწყვეტილება, თუმცა ნაწილი არ გამორიცხავს ეს სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლის შედეგი იყოს.

პარლამენტში რამდენჯერმე ახსენეს საკონსტიტუციო საჩელი, რომელიც მმართველმა გუნდმა ელჩების დანიშვნაზე უარის თქმის გამო შეიტანა. “ქართულმა ოცნებამ” უფლებამოსილებების გამიჯვნა მოითხოვა. დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხდევად, საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ სარჩელი სასამართლოდან არ უნდა გამოიტანონ.

დავით ბაქრაძე წლების მანძილზე ემსახურებოდა ვიწროპარტიულ ინტერესებს, იცავდა “ქართული ოცნების” და ივანიშვილის ინტერესს, ამიტომ დიპლომატიურ სამსახურში ერთ- ერთი მნიშვნელოვანი თანამდებობით დააჯილდოვეს, – ამის შესახებ
პარტიის “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი ამბობს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილებას რატომ გადახედა, ეს მან თავად უნდა განმარტოს.

“დავით ბაქრაძე წლების მანძილზე იყო “ქართული ოცნების” მიერ დანიშნული ელჩი, რომელიც ემსახურებოდა ვიწროპარტიულ ინტერესებს. ის იცავდა “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. ამის დაჯილდოვება მოხდა იმით „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ის წარადგინეს დიპლომატიურ სამსახურში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, გაეროში ელჩი ეს არის ყველაზე მაღალი რანგის დიპლომატიური თანამდებობა. პრეზიდენტმა სწორად აღნიშნა, რომ მას არაფერი გაუკეთებია ქვეყნის ინტერესების დასაცავად ვაშინგტონში და ამიტომ თავს იკავებდა მისი დანიშვნის ბრძანების ხელმოწერისგან. რატომ გადახედა საკუთარ გადაწყვეტილებას, ამაზე ალბათ განმარტება პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს. ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით არის, რომ ბატონი ბაქრაძე არის პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი და ემსახურებოდა “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს”,- განაცხადა სამადაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნას სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა, თუმცა აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიერ ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა აცხადებს, პრეზიდენტს გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის ხელმოწერა, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტზე ზეწოლის შედეგი იყოს.

დეკანოიძის განცხადებით, ამას ადასტურებს რამდენიმე თვის წინ „ქართული ოცნების“ მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მიმართ განცხადებები და შეტევა.

„პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა მოაწეროს თუ არა ხელი. თანამდებობის პირს, განსაკუთრებით პრეზიდენტს ვერავინ დააძალებს მოაწეროს თუ არა ხელი. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ შესაძლებელია იყოს გარკვეული ზეწოლა, რაც გულისხმობდა, თუნდაც „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ განმარტებას და რეალურ შეტევას რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ“,- განაცხადა დეკანოიძემ.

საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ გაერო-ში გამოცდილი დიპლომატი გვყავდეს ისევე, როგორც კანადაში. რა შეიცვალა, არ ვიცი, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი მართებულად გადაწყდა.

„იმის ინტერესი, რომ ამ საკითხებზე ცხელი ურთიერთობების ფორმატი შევინარჩუნოთ, წარუმატებელია, რადგან ადრე თუ გვიან ეს საკითხი მართებულად გადაწყდა. რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილება ცოტა ადრე რომ ყოფილიყო მიღებული, უკეთესი იქნებოდა. კარგია, რომ ეს საკითხი საერთო შეთანხმებით დასრულდა. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ ამ თემაზე რაღაც ხისტი კომენტარი უნდა გავაკეთოთ. საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ გაერო-ში გამოცდილი დიპლომატი გვყავდეს ისევე, როგორც კანადაში. რა შეიცვალა არ ვიცი, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული და ალბათ, გაანაწილეს სიტუაცია. ამ ანალიზის შედეგად ადმინისტრაცია სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდა. რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს, ეს არ არის პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი, ეს არის იმის აუცილებლობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სწორი დასკვნა გააკეთოს, კონსტიტუციით თუ რა უფლებას ფლობს პრეზიდენტი, როცა საუბარი არ არის კონკრეტული კანონის შესრულებაზე და გადაწყვეტილება მისაღებია სიტყვიერი შეთანხმების დონეზე. თუ კონსტიტუციით გაწერილი არ არის, რომ პრეზიდენტმა დიპლომატის დანიშვნაზე ხელი აუცილებლად უნდა მოაწეროს, რომელსაც მთავრობა წარუდგენს, ამ შემთხვევაში არანაირ გაუგებრობა არ უნდა წარმოიშვას. ამის აუცილებლობა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გააკეთოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

პრეზიდენტის უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ძალიან სამწუხაროა, რომ მთავრობას ამ კომპეტენციისა და მისი ჩარჩოების შესახებ გარკვეული მითითებები დასჭირდა, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელის ფორმით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, კონსტიტუციით განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებში პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს მთავრობის მიერ წარდგენილ კონკრეტულ კანდიდატურას და “[ზურაბიშვილი] ასეც მოიქცა”.
მამუკა მდინარაძე გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნაზე პრეზიდენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ოპონენტები „მძევლობას“ არქმევენ პრეზიდენტის კანონიერ ქმედებას.

“პრეზიდენტის უფლებამოსილება კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობას დასჭირდა, ამ კომპეტენციისა და მისი ჩარჩოების შესახებ გარკვეული მითითებები, მათ შორის, საკონსტიტუციო სარჩელის ფორმით, მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი: კონსტიტუციაში წერია ყველა კონსტიტუციური ორგანოსა და ყველა კონსტიტუციური, ასე ვთქვათ, თანამდებობის პირის უფლებამოსილების ფარგლების შესახებ და ეს ყველაფერი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. არის კონკრეტული კომპეტენცია და ამ კომპეტენციის ფარგლებში პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი მთავრობის მიერ წარდგენილ კონკრეტულ კანდიდატურას და ასეც მოიქცა.

ჩვენი ოპონენტები, ამ შემთხვევაში კანონიერ ქმედებას, რომელიც პრეზიდენტმა მისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა განახორციელოს არქმევენ მძევლობას – ამაშია მთელი პარადოქსი“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

არ დავეთანხმები პრეზიდენტს, დავით ბაქრაძე არის კეთილსინდისიერი დიპლომატი და პოლიტიკოსი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტს აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი შეხედულება.

„არ გამოვირჩევი კონფრონტაციით, მაგრამ ახლა თავის უფლებას მივცემ და არ დავეთანხმები პრეზიდენტს, დავით ბაქრაძე არის კეთილსინდისიერი როგორც დიპლომატი, ასევე პოლიტიკოსი. პრეზიდენტის ადამინისტრაციას აქვს უფლება განაცხადოს ის, რაც უნდა, პრეზიდენტს აქვს უფლება განაცხადოს, რაც მას სურს, საკონსტიტუციო სარჩელს რაც შეეხება, ვინ გამოიტანს და ვინ შეიტანს ამაზე იმსჯელებს პოლიტიკური გუნდი“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, დავით ბაქრაძე, რომელიც აქამდე აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა, გაერო-ში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე კახა იმნაძეს შეცვლის.

საქართველოს პრეზიდენტმა დავით ბარქაძის გაერო-ში ელჩად დანიშვნაზე წარდგინება 15 ივლისს მიიღო, თუმცა, ზურაბიშვილი მას ხელს არ აწერდა. როგორც პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ბაქრაძე „5 წელი იყო ელჩი და არაფერი გაუკეთებია“.

„არა მაღალი დონის ვიზიტი, არა კონტაქტები, არა იქით, არა აქეთ – წავიდეს სხვაგან“, – აღნიშნავდა პრეზიდენტი ინტერვიუში.

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გაეროში ელჩად დანიშვნის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილის მიერ დავით ბაქრაძის აშშ-ში საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია და პრეზიდენტს მისი დანიშვნა „მიზანშეწონილად არ მიაჩნია“
საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ივნისის დასაწყისში მიმართა.

მთავრობა ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე.

საქართველოს მთავრობის მტკიცებით, ბოლო ერთ წელში პრეზიდენტმა არაერთხელ დატოვა რეაგირების გარეშე მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების კანდიდატები.

25 ივნისს კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი „საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, რაც მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩებისა და დიპლომატების დანიშვნაზე პრეზიდენტის უარის კონსტიტუციურობას აფასებს.

შეგახსენებთ, 7 ივნისს, “ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძის დანიშვნაზე გაეროში, ხოლო კახა იმნაძის დანიშვნაზე კანადაში, უარი თქვა. რის გამოც, “ოცნების” ხელისუფლებამ ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button