რეგიონისიახლეები

რატომ ვერ ასრულებს თელავის მერია საკრებულოს დადგენილებას

თელავში, მუნიციპალურ ტრანსპორტზე საფასურის დაწესების საკითხი გადაიდო. საკრებულოს დადგენილების თანახმად, რომელიც წარმომადგენლობითმა ორგანომ, ჯერ კიდევ ზაფხულის დასასწყისში მიიღო, მუნიციპალური ავტობუსები 1 აგვისტოდან, ფასიანი უნდა გამხდარიყო.

თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი ადასტურებს, რომ ავტობუსით მგზავრობისათვის ფასის დაწესების საკითხმა, დროებით გადაიწია.

” საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ბანკებთან, ბარათების თაობაზე, რითიც ანგარიშსწორება უნდა მოხდეს.ერთ-ერთ ბანკთან წარმოიშვა წმინდად სამართლებრივი პრობლემა. გარდა ამისა, პანდემიის გამო, შეფერხდა იმ ტექნიკური აღჭურვილობის შემოტანის საკითხიც, რაც ავტობუსებში უნდა დამონტაჟდეს. ვამჯობინეთ, რომ ჩვენს მოსახლეობას შევთავაზოთ ხარისხიანი სერვისი, ცოტა დაგვიანებით, ვიდრე, უკვე მიმდინარე პროცესი იყოს ხარვეზიანი. გარდა ამისა, საფასურის დაწესების შემდეგ, უნდა დავამატოთ კიდევ ორი ავტობუსი, სოფელ შალაურისა და ვარდისუბნის გარკვეულ გზებზე. ახლა ჩვენ ველოდებით ბარათებს, რომლითაც მოსახლეობამ უნდა ისარგებლოს. ბარათების აღება მოხდება ღია სივრცეში, ბანკებში, მერიაში. ჩვენ თავადაც მოვახდენთ , მოქალაქეებისათვის გადახდის ბარათების გადაცემის უზრუნველყოფას”- განაცხადა ანდრიაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განაცხადეს, რომ თუ მერია გადაწყვეტილებას ვერ აღასრულებს, საკრებულოს უფლება აქვს რეკომენდაცია გასცეს და მისი შესრულება მოითხოვოს.

” დადგენილება, რომელიც საკრებულომ მიიღო, ძალაშია. მერიამ შესაბამისი ხელშეკრულებები უნდა გააფორმოს, ტექნიკა დაამონტაჟოს და ტრანსპორტის საფასურის ამოღება დაიწყოს. საკრებულო გახლავთ, მერიის მაკონტროლებელი ორგანო და თუ ეს დროში გაიწელება, ასეთ შემთხვევაში, საკრებულოს უფლება ექნება რეკომენდაცია შეიმუშავოს “- განაცხადა საკრებულოს წევრმა, “ქართული ოცნებიდან” ლევან ბერძენაშვილმა.

მუნიციპალური ავტობუსები თელავში , 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიტანეს. მერიას დაქვემდებარებული სატრანსპორტო კომპანიისათვის, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტის მართვისათვის სპეციალურად შეიქმნა, სუბსიდიის სახით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 600 000ლარი იყო გამოყოფილი. საკრებულოს დადგენილების თანახმად, ავტობუსებით მგზავრობის საფასური 1 ლარი იქნება, ხოლო შეღავათებით მოსარგებლე ჯგუფები, რომლებიც ასევე განსაზღვრულია, 50 თეთრიანი ტარიფით ისარგებლებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button