,,რაც არ უნდა ისაუბროს ღარიბაშვილმა მათმა მატარებელმა უკვე ჩაიარა”-ოცნებას ოპოზიცია პასუხობს

რაც არ უნდა ისაუბროს ღარიბაშვილმა, მათმა მატარებელმა უკვე ჩაიარა. 2024 წელს დაწყებულ საქმეს ქართველი ხალხი ბოლომდე მიიყვანს, – ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის თქმით, „2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ომი არ მოხდებოდა“.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ქართველ ხალხს ძალიან კარგად აქვს გააზრებული, რომ ხელისუფლება ომთან დაკავშირებით რუსულ დეზინფორმაციას და რუსულ პროპაგანდას ავრცელებს.
„როცა პუტინს გადაწყვეტილი აქვს კონკრეტული ტერორისტული მოქმედებების ჩატარება, ცხადია, ამას წინ ვერავინ აღუდგება. იგივე ხდება დღეს უკრაინასთან მიმართებით. როგორ იქცევა ჰააგაში გასამართლებული ოფიციალური მკვლელის სტატუსით რუსეთის დღევანდელი მოქმედი პრეზიდენტი.
რაც შეეხება რუსული პარტიის გაგრძელებას- ირაკლი ღარიბაშვილს და მის ბატონ ივანიშვილს, დეოლიგარქიზაციაზე როცა ვსაუბრობთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბანკი „ქართუს“ თანამშრომელი იყო პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, ბანკი „ქართუს“ თანამშრომელი იყო თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ბანკი „ქართუს“ თანამშრომელი და პლასტიკური ბარათების დამზადებული იყო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ბანკი „ქართუს“ თანამშრომელი იყო სუს-ის უფროსი, მისი დაცვის წევრი იყო შს მინისტრი და ზოგადად, ყველა ბანკი „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილის თანამშრომელი იყო. ისინი ასე უყურებენ, რომ შპს არის საქართველო. მთავრობის სხდომა რომ ტარდება უნდა გვესმოდეს, რომ ბანკის „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილის თანამშრომლები იკრიბებიან ბიძინა ივანიშვილის საკეთილდღეოდ ანუ ბიძინა რა სიკეთეს მიიღებს, ისე მართავენ ქვეყანას. დღეს, როცა კანდიდატის სტატუსზე და ივანიშვილის დამსახურებებზე ლაპარაკობენ, ესეც შევახსენოთ მოსახლეობას – მათ არ უნდოდათ განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობისთვის. ქართველ ხალხს აქციები დასჭირდა ამისთვის, ისინი ანტიდასავლურ კამპანიასა და დეზინფორმაციაში იყვნენ ჩართულები. კობახიძე ამბობდა, რომ ჩალის ფასი აქვს ევროკავშირის რეზოლუციებს, კალაძე ამბობდა, თუ არ მოგცემენ სტატუსს, რაც უნდა ის გააკეთონო. საქართველოს მოქალაქეს არ აქვს მოკლე მეხსიერება, ყველას კარგად გვესმის, სად ვიყავით, სად ვართ და 2024 წელს სად უნდა ვიყოთ. ახლა რაც არ უნდა ისაუბროს ღარიბაშვილმა, მათმა მატარებელმა უკვე ჩაიარა. 2024 წელს დაწყებულ საქმეს ქართველი ხალხი ბოლომდე მიიყვანს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
რა მოხდებოდა ივანიშვილი რომ ყოფილიყო 2008 წელს პრეზიდენტი, რთულად წარმოსადგენია, მაგრამ ივანიშვილი იმ პერიოდში ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა სააკაშვილთან, ეხმარებოდა რეფორმების ჩატარებაში და პირიქით, ამაყობდა ამით, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც 2008 წლის ომსა და წინა ხელისუფლებაზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.
რაქვიაშვილის თქმით, 2012 წლამდე რაც ხდებოდა, ივანიშვილის წვლილიც არის და თუ ამასაც სათანადოდ შეაფასებს ღარიბაშვილი, კარგი იქნება.
„ჩვენი პრემიერ-მინისტრი ყოველ ჯერზე გვაოცებს უნარით, როგორ შეაქოს ბიძინა ივანიშვილი, სი ძინ პინი და მისთვის მნიშვნელოვანი სხვა ადამიანები – ამ ნაწილში ნამდვილად ჩემპიონები ვართ. რაც ეხება, თუ რა მოხდებოდა ივანიშვილი რომ ყოფილიყო 2008 წელს პრეზიდენტი, რთულად წარმოსადგენია ეს, მაგრამ როგორც მახსოვს, ივანიშვილი იმ პერიოდში ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა სააკაშვილთან, ეხმარებოდა რეფორმების ჩატარებაში და პირიქით, ამაყობდა, რომ ბევრი რამ, რაც გაკეთდა, მისი დამსახურება იყო. იმდენად იყო ჩართული, რომ მერე ბევრი მაღალჩინოსანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიფარა და დააწინაურა კიდეც, დაწყებული სასამართლოთი, დამთავრებული პროკურატურით და სხვადასხვა უწყებებით. ამიტომ მე მგონია, ივანიშვილის წვლილიც არის იმ ყველაფერში, რაც 2012 წლამდე მოხდა და თუ ამასაც სათანადოდ შეაფასებს ღარიბაშვილი, კარგი იქნება,“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.