რეალი, იუვენტუსი და ბარსელონა უეფას სანქციების მოლოდინში

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სუპერლიგაში ამ დრომდე დარჩენილი კლუბების, რეალის, იუვენტუსისა და ბარსელონას წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო.
განცხადება ამის შესახებ უეფამ, საკუთარ ვებ-გვერდზე ოფიციალურად გაავრცელა.
“უეფას ეთიკისა და დისციპლინური ინსპექტორების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ე.წ სუპერლიგის პროექტთან დაკავშირებით, მადრიდის რეალისა, ბარსელონასა და იუვენტუსის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა დაიწყო უეფას სამართლებრივი ჩარჩოს შესაძლო დარღვევის გამო. დამატებითი ინფორმაცია დროულად გახდება ხელმისაწვდომი”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგა 12-მა კლუბმა დაარსა, მაგრამ მალევე პროექტი დაიხურა და 9 კლუბმა მასზე უარი, სხვადასხვა გარემოებების გამო თქვა.
იტალიის 1 და ესპანეთის ჩემპიონატის 2 უმსხვილესი კლუბი სუპერლიგაში ამ დრომდე რჩება. ამის გამო უეფა მათ სანქციებით და ევროთასებიდან დისკვალიფიკაციით ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ არც ის დანარჩენი 9 კლუბი დარჩება სანქციების მიღმა: უეფას გადაწყვეტილებით მათ ადმინისტრაციულ სახდელს დააკისრებენ. კერძოდ: 15 მილიონი ევროს ოდენობის საქველმოქმედო შენატანი შევა უეფას ბიუჯეტში და ასევე: უეფას საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის გუნდებს მიღებული შემოსავლის 5% ჩამოეჭრებათ.