მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რეგიონებში მალე „მობილური იუსტიციის სახლი“ამუშავდება

სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას მალე „მობილური იუსტიციის სახლი“ მოემსახურება. სპეციალურად აღჭურვილი ავტობუსები ადგილობრივებს ყველა იმ მომსახურებას შესთავაზებს, რომლის მიღებაც მათ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

„გაგაცნობთ ერთ სიახლეს – სულ მალე ჩვენ დავიწყებთ ახალ პროექტს, სახელწოდებით „მობილური იუსტიციის სახლი“, რაც გულისხმობს იმას, რომ სპეციალურად აღჭურვილი მიკროავტობუსებით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ჩვენ ადგილზე მივაწვდით ყველა იმ მომსახურებას, რომლის მიღებაც მათ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო კიდევ უფრო მეტ ადამიანს მიაწვდის მომსახურებას, რომლითაც ისარგებლებენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ჩვენი ქვეყნის სტუმრები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სიახლეს გამოეხმაურა პრემიერ მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რეგიონების განვითარება იქნება.

„მინისტრს აქვს საინტერესო ინიციატივები, ახალი იდეები, რომელზეც მუშაობს 10-წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის მთავარი აქცენტი, პრიორიტეტი უნდა იყოს არა მხოლოდ დიდი ქალაქების, არამედ რეგიონების განვითარება. რადგან ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგიონებში ცხოვრობს, ამიტომ მათ სჭირდებათ ასეთი თანამედროვე შენობები, სერვისები და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button