მნიშვნელოვანისიახლეები

რეგიონში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი-კობახიძე

ფართო რეგიონში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო კიდევ უფრო შეინარჩუნებს და განამტკიცებს ლიდერის პოზიციას ამ სფეროში.

„ფართო რეგიონში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას. მე ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით პარლამენტში, ჩვენი ამოცანაა, რომ ევროპის სამეულში, მსოფლიოს სამეულში გავიდეთ უახლოესი წლების განმავლობაში და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირებულიყო კორუფცია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ და კიდევ უფრო განვამტკიცებთ ლიდერის პოზიციას ამ სფეროში. კანდიდატი ქვეყნები რომ ავიღოთ, თქვენ იცით, რამხელა პრობლემებია უკრაინაში, მოლდოვაში კორუფციის კუთხით. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს შორის ვიყოთ ლიდერი და არა მხოლოდ 7-8 ქვეყანას გავასწროთ ევროკავშირში, არამედ მოვხვდეთ მსოფლიო ქვეყნების სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ამისათვის ყველანაირი საფუძველი არსებობს და ამისათვის მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა მმართველობის ეფექტურობის რეიტინგში საქართველომ, შეფასების 100%-იანი სისტემით, 61% დაიმსახურა და მსოფლიოში სახელმწიფოებს შორის 34-ე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილი დაიკავა.

მმართველობის ეფექტურობით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 17 ქვეყანას და დიდი შვიდეულის წევრ 1 სახელმწიფოს.

ეს ქვეყნებია: სლოვენია, ისლანდია, ბელგია, იტალია, კვიპროსი, ჩეხეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, პოლონეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, მალტა, მონტენეგრო, ბულგარეთი, ლატვია, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე, მმართველობის ეფექტურობა შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:

• მთლიანი ინფრასტრუქტურის ხარისხი;
• საგზაო ინფრასტრუქტურის ხარისხი;
• სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ხარისხი;
• საპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხი;
• საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის ხარისხი;
• დაწყებითი განათლების ხარისხი.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკვლევის შედეგების გადამუშავებული სარეიტინგო ანგარიში მსოფლიო ბანკმა, გლობალური მმართველობის ინდიკატორების პროექტის ფარგლებში, ექსკლუზიურად გამოაქვეყნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button