საქართველოსიახლეები

რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით, 8.5%-მდე შემცირდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით, 8.5%-მდე შეამცირა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა.

„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 29 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.50 პროცენტს შეადგენს. კორონავირუსის პანდემიისა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური გაურკვევლობა კვლავ გრძელდება. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ მარტში 6.1 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია დროებითი ფაქტორების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნდება, შემდეგ ეტაპობრივად შემცირდება და 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონემდე დავა.

“მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო და პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შეამცირა. შემცირების მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რჩება, რაც საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას უზრუნველყოფს.

“მიმდინარე პროგნოზით, საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა დაახლოებით მინუს 4 პროცენტი იქნება, რაც ადგილგილობრივი და საგარეო მოთხოვნის კლებით არის გამოწვეული. წინასწარი მონაცემებით, მარტში საქონლის ექსპორტი წლიურად 22 პროცენტით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 70 პროცენტით შემცირდა. ფულად გზავნილებშიც კლება დაფიქსირდა (-9 პროცენტი). ამასთანავე, შემცირებულია იმპორტიც (-13 პროცენტი), რაც შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე მიუთითებს. მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორებიდან აღსანიშნავია, რომ საწარმოო პროცესების და მიწოდების ჯაჭვების შეფერხებები კომპანიების ხარჯებზე და, შედეგად, ფასებზეც ზრდის მიმართულებით მოქმედებს. თუმცა, იმ დაშვებით, რომ ვირუსის გავრცელების გამო დაწესებული ფართომასშტაბიანი შეზღუდვები მოკლევადიანია, ეს უკანასკნელი, დროებითი ხასიათის მიწოდების შოკს წარმოადგენს, რაზეც მონეტარული პოლიტიკის რეაგირება კონტრპროდუქტიულია.

“ეროვნული ბანკი სვოპ ოპერაციებით ლიკვიდობას როგორც კომერციულ ბანკებს, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აწვდის. საქართველოს ეროვნული ბანკი ვითარებას მუდმივ რეჟიმში აკვირდება და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ეროვნული ბანკი, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 24 ივნისს ჩატარდება.” – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button