“რესპუბლიკელები” არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას

„რესპუბლიკური პარტია“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ინდივიდუალურად მზადების რეჟიმში გადადის.
ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს არ ნიშვანს პარტიის დაუყოვნებლივ გასვლას კოალიციიდან.
მისივე თქით, პარტიის წევრები მთავრობის წევრობას დატოვებენ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად.
„პარტია დღეიდან გადადის საპარლამენტო არჩევნებისთვის ინდივიდუალური მზადების რეჟიმში. ამით ჩვენ ვწყვეტთ დროისა და ენერგიის ფუჭად ხარჯვას კოალიციურ ფორმატში საარჩევნო სტრუქტურების შექმნაზე. ჩვენი გადაწყვეტილება პარტია „ქართულ ოცნებასაც“ აძლევს საშუალებას, ზედმეტი უხერხულობების გარეშე დაადგეს იმ პოლიტიკურ გზას, რომელიც დასახული აქვს – არჩევნებზე დამოუკიდებლად კოალიციური საარჩევნო ბლოკის გარეშე გასვლა. ამით ყველა ერთად დავასრულებთ უკიდურესად დამაზარალებელ და მოსაბეზრებელ საჯარო სპეკულაციებს შიდაკოალიციურ საკითხებზე“,- ნათქვამია ხათუნა სამნიძის განცხადებაში.