რესპუბლიკელები მოლაპარაკებების პროცესს მხარს უჭერენ
ბოიკოტის რეჟიმის პარალელურად, მოლაპარაკებების პროცესის მხარდაჭერას აგრძელებენ რესპუბლიკურ პარტიაში.
პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიის წევრები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია საპარლამენტო მანდატებზე უარს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ იტყვიან.
რესპუბლიკელები ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შევლენ, რადგან საპარლამენტო ორგანოს მანდატები მათ, ძირითადად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველმა მიანიჭათ.
“ჩვენ, რესპუბლიკელები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია არ შევდივართ პარლამენტში, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას ეს 2 მანდატი მოგვანიჭა ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველმა. ამავე დროს, რადგან გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი საერთაშორისო ფასილიტაციით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ ხელმოწერილი განცხადებებით საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მივმართავთ დაუყოვნებლივ ამ პროცესის დამთავრების შემდეგ”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დღეს, 11 დეკემბერს 12:00 საათზე გაიხსნება. სხდომას პრეზიდენტი ზურაბიშვილი გახსნის, დარბაზში კი მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ისხდებიან.
სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, ბარიერგადალახული 7 ოპოზიციური პარტია, ახალგაზრდობის სასახლის წინ იკრიბება და საპარლამენტო მანდატებზე უარს ხელმოწერებით გააფორმებს.
ხელის მოწერის ცერემონიაში მონაწილეობას არ მიიღებს გირჩი, თუმცა ისინი მაინც უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და სიებსაც აუქმებენ.
ხელის მოწერის ცერემონიაში მონაწილეობას არ ღებულობს არც პარტია მოქალაქეები, მაგრამ ისინი საპარლამენტო მანდატებზე ამ ეტაპზე უარს არ ამბობენ და აცხადებენ, რომ გარკვეული დათმობების პირობების შემთხვევაში პარლამენტში შევლენ.
საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მმართველ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 150-წევრიან პარლამენტში ჰყავს პროპორციული სისტემით არჩეული 60 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატი.
პროპორციული სისტემით 60 მანდატი მოიპოვა 8 ოპოზიციურმა ბლოკმა და პარტიამ:
ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ 36 მანდატი; „ევროპული საქართველო“ 5 მანდატი;ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელი“ 4 მანდატი;„ლელო“ 4 მანდატი;„პატრიოტთა ალიანსი“ 4 მანდატი;„გირჩი“ 4 მანდატი;„მოქალაქეები“ 2 მანდატი; „ლეიბორისტული პარტია“ 1 მანდატი.