მნიშვნელოვანისაქართველო

რესპუბლიკის მოედანზე 19:00 საათზე ოპოზიციური პარტიები აქციას გამართავენ

ოპოზიციური პარტიები რესპუბლიკის მოედანზე დღეს 25 ნოემბერს, 19:00 საათზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. ანონსის მიხედვით, დემონსტრანტები პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ და იქ მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. დაგეგმილია ასევე პიკეტირება პარლამენტის შენობისა, სადაც 26 ნოემბერს პლენარული სხდომა უნდა გაიმართოს.

24 ნოემბერს ოპოზიციურმა სპექტრმა მორიგი შეხვედრა გამართა ლეიბორისტული პარტიის ოფისში. შეხვედრაში თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათი თქმით, არ დაუშვებენ, რომ 2020 წლის არჩევნები შერეული სისტემით გაიმართოს.

ოპოზიცია ემხრობა სრულად პროპორციულ არჩევნებს, თუმცა შექმნილ სიტუაციაში გამოსავლად ხედავს ე.წ. გერმანულ მოდელს. ეს მოდელი განიხილება სრულიად შესაძლებელ ალტერნატიულ ვარიანტად, რომლის დანერგვასაც არ ესაჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერა.

საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ 40-მა დეპუტატმა ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომლის თანახმადაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საზოგადოებისთვის მიცემული დაპირების შეუსრულებლობას. 18 ნოემბერს, საპოლიციო ძალებმა პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button