რესპუბლიკის მოედანზე ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეები აქციას მართავენ ისინი რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობას გეგმავენ, სადაც მიმდინარე აქციას შეუერთდებიან
პროტესტის მე-14 დღე საქართველოში
რესპუბლიკის მოედანზე ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეები იკრიბებიან. საჯარო სექტორში დასაქმებული პირები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან, სადაც უკვე მე-14 დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. საჯარო მოხელეები ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევასა და არალეგიტიმური ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც ევროინტეგრაცია შეაჩერა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ერთგული არიან კონსტიტუციის 78-ე მუხლის და სოლიდარობას უცხადებენ რეჟიმის მიერ ძალადობრივად და უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს. მოითხოვენ შეწყდეს ძალადობა საპოლიციო ძალების მხრიდან.
ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და საჯარო სექტორში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ.
„ჩვენი შეკრების მიზეზი ორია: ერთი ის მიმდინარე პროცესი, რაც ქვეყანაში ხდება, 2028 წლამდე წევრობის განაცხადზე უარის თქმა. მეორე, ეხმაურება დაშინების ფორმებს, ჩვენ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები ვართ და ჩვენი მსვლელობის მიზანია, რომ საზოგადოებას და მათ შორის იმ პირებს, რომლებიც დღესდღეობით წარმოადგენენ ჩვენს დამსაქმებლებს, მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, რომ ჩვენ ვრჩებით კონსტიტუციის და საზოგადოების ერთგული, ვრჩებით ევროპული კურსის ერთგული. ამასთანავე მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტონ ჩვენს მიმართ ძალადობა, დაშინების სხვადასხვა ფორმების გამოყენება, რომლებიც ბოლო პერიოდში მრავლად იყო“, – განაცხადა მერიის თანამშრომელმა გიგა სოფრომაძემ.
საჯარო სექტორის თანამშრომლების გარედა საქართველოს პარლამენტთან ისევ იკრიბებიან მოქალაქეები, რომლებიც ხელახალ არჩევნებს, მოძალადეების დასჯასა და პატიმრობაში მყოფი დემონსტრანტების გათავისუფლებას ითხოვენ.
დედაქალაქის მთავარი გამზირი რამდენიმე წუთის წინ გადაიკეტა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები
კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის თქმით, რუსთაველის გამზირზე ბოლო დროსმიმდინარე პროცესები „უნივერსალურ იურისდიქციას ექვემდებარება“.
ანა დოლიძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ აქციების „დარბევა ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულია“.
“ის, რაც მოხდა დეკემბერში, ვგულისხმობ დარბევებს, არის ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული. ის სისტემურობა და ფართო მასშტაბი, რომელსაც სასწაულებრივად გადაურჩა ხალხი, ექვემდებარება საერთაშორისო გამოძიებას, მათ შორის იმას, რასაც ჰქვია უნივერსალური იურისდიქცია. რა არის უნივერსალური იურისდიქცია?! მაგალითად, ხვალ რომ გადაწყვიტოს ბელგიის ხელისუფლებამ დაიწყოს გამოძიება ხარებას წინააღმდეგ, მათ ამის საშუალება აქვთ. სადაც იპოვიან ამ ხალხს, იქ მიცემენ პასუხისგებაში. ამ დონის დანაშაულები იქნა ჩადენილი და შესაბამისად, საერთაშორისო დონეზე დადგა ეს საკითხი“, – განაცხადა ანა დოლიძემ, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.