მნიშვნელოვანისიახლეები

რესპუბლიკის მოედნიდან რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა დაიწყო

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 34 წელი გავიდა

“დგება ხალხის გაზაფხული” – უწყვეტი პროტესტის 124-ე დღეს დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ გადაიკეტა. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. მათ მსვლელობით სტუდენტებიც უერთდებიან.

საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის შეჩერებულია.

აქციის მონაწილეები კვლავ ახალი არჩევნების ჩატარებას და აქციებზე უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციები სხვა რეგიონებშიც მიმდინარეობს.

რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან მიმდინარეობს.

მარშის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან.

ისინი სკანდირებენ: “დიდება გმირებს!”.

გარდა ამისა, თბილისში დაგეგმილია, რამდენიმე საპროტესტო მარში. კერძოდ, სტუდენტები იკრიბებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ლოზუნგით: „ჩვენი მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, რის შემდეგაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ.

რუსთაველის თეატრთან შეიკრიბებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც, სლოგანით: „კულტურა დამოუკიდებლობისთვის“.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან დღეს 34 წელი გავიდა. 1991 წლის 31 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საერთო-სახალხო კენჭისყრა ჩატარდა, რომლის შედეგების საფუძველზეც უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

რეფერენდუმის კითხვა იყო – “თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?”

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი მოსახლეობის 98.9%-მა ანუ 3 300 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაუჭირა.

რეფერენდუმი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე. ამ დადგენილებით გაუქმდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხზე.

რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. იმავე დღეს აშშ-ის სენატმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები.

დღეს ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button