მნიშვნელოვანისიახლეები

რეჟიმის ტყვე რეზო კიკნაძემ საპატიმროში, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო

ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის ცნობით, პროევროპულ აქციაზე დაკავებულმა რევაზ (რეზო) კიკნაძემ ციხეში შიმშილობა გამოაცხადა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად.

რეზო კიკნაძე უკვე თვე-ნახევარია, დაკავებულია – ის 2024 წლის 6 დეკემბერს დააკავეს და „ჯგუფურ ძალადობას ედავებიან“. მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. ის რუსთავში, მეხუთე დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ შიმშილობს.
„რეზო კიკნაძემ მზია ამაღლობელის სოლიდარობის და მხარდაჭერის ნიშნათ შიმშილობა დაიწყო“, – წერს ადვოკატი გუჯა ავსაჯანაშვილი ფეისბუკზე.
26 წლის რევაზ კიკნაძის საქმეში არაერთი დარღვევაა, – აღნიშნავს იურისტი.
მისი თქმით, კიკნაძესა და იმავე დანაშაულში სხვა ბრალდებულებს ერთმანეთი სასამართლო სხდომამდე თვალით არასოდეს უნახავთ.
რეზო კიკნაძე, რომელიც დაკავებისთანავე აცხადებდა, რომ პოლიცია ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდა (რაც მან შიმშილობით გააპროტესტა), ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც საპროტესტო აქციების დაწყების – 28 ნოემბრის – შემდეგ სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული.

ასეთი ადამიანების ზუსტი რიცხვი ამ დრომდე უცნობია, თუმცა რადიო თავისუფლებამ 28 ნოემბრიდან დღემდე 45-ის შესახებ მოიპოვა ინფორმაცია. საქმეებს შორისაა ბრალდებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ძალადობაში მონაწილეობაზე, პოლიციელებზე თავდასხმაზე, სხვისი ნივთის დაზიანებასა და ნარკოდანაშაულზე.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით.

მას „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში.

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს „უფრო ლმობიერი გადაწყვეტილების“ მიღება შეუძლია, ვიდრე პატიმრობაა.

პოლიციისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დაკავებულები, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიება წინასასამართლო სხდომაზე დღეს, 21 იანვარს, გადაისინჯა.

​პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო დავით ლომიძე. ბადრაგმა მოსამართლეს მისი წერილი წარუდგინა.

„უარს ვაცხადებ, ვინაიდან ჩემს უფლებებს დაიცავს ადვოკატი, რომელსაც სრულად ვენდობი“, – წერია წერილში.

ადვოკატის თქმით, დავით ლომიძემ პარასკევს, 17 იანვარს, შეატყობინა, რომ ვერ დგებოდა და ცუდად იყო, სტკიოდა ფეხი და ხერხემალი. ამის მიზეზად მან დაასახელა პოლიციელების მიერ მისი სასტიკად ცემა დაკავების დღეს.

გურამ ზასოხაშვილის ადვოკატმა ირაკლი აბსანძემ ვერ დაინახა მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და ბრალდებულის 10 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლება და რისკების დასაზღვევად მისი შემზღუდავი მექანიზმები მოითხოვა.
დავით ლომიძის ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმაც გირაო მოითხოვა: „თუ აქვთ შიში, რომ ბრალდებულები დანაშაულს ჩაიდენენ, სამწუხაროდ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შემთხვევაში ეს რისკი სახეზე აღარაა. ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გადაადგილდება. დღესაც ვერ მოვიდა პროცესზე. ასეთ პირობებში მისი პატიმრობის გაგრძელება დაუშვებელია“.
თუმცა მოსამართლე პროკურორს დაეთანხმა და დაკავებულები პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ გაითვალისწინა მუხლის სიმძიმე, ხასიათი, ობიექტი – პოლიციელი – და მიიჩნია, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.

სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის დაკავების, გამოკითხვისა და ჩხრეკის ოქმების, ასევე ვიდეომტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვეს. მათი მტკიცებით, საგამოძიებო მოქმედებები დარღვევებით, ღამის საათებში ჩატარდა, რაც დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.

„გამოძიება ჩატარებულია არათანმიმდევრულად, არაპროპორციულად, გამოძიება ჩატარებულია იმ მიზნით, რომ ადამიანი დაიჭირონ და არა იმისთვის, რომ სიმართლე იპოვონ“, – თქვა თეიმურაზ ზასოხაშვილის ადვოკატმა ირაკლი აბსანძემ.

დავით ლომიძის ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა ყურადღება გაამახვილა დაკავებულებისთვის დაცვის უფლების შეზღუდვაზე. მან თქვა, რომ სავარაუდო დანაშაულის ადგილზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები საქმესთან შემხებლობაში არ არის. მან პროცესზე წაიკითხა ნივთების ჩამონათვალი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში:

ერთი ცალი ლითონის დაზიანებული ფლაკონი;
მუყაოს ფრაგმენტები ხელსახოცით და თოკით;
ქილა დაზიანებული, მოწითალო სითხით;
10 რეზინის ბუშტი მოწითალო ლაქებით;
ერთი ჩანთა ხუთი ქვით;
საყვირის მსგავსი საგანი…
სამი სავარაუდო პიროტექნიკა;
სამი ცალი „პრეზერვატივი“ გაუხსნელი, ერთი ცალი გახსნილი, მხოლოდ ბუდე.
„სადაც რა იპოვეს გამომძიებლებმა, ყველაფერი ჩაგვიყარეს საქმეში… ეს ყველაფერი ემსახურება საქმეში მტკიცებულებების გამრავლებას“, – თქვა დიმიტრი ვარდიაშვილმა.

პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა დაცვის მხარეს კვალიფიკაცია დაუწუნა და პასუხად თქვა, რომ ისინი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს არ იცნობენ:

„ანუ გამოძიებამ ღამე არ უნდა იმუშაოს – ამას გვეუბნება დაცვის მხარე?.. როცა არსებობს მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, გამოძიებას არათუ უფლება აქვს, არამედ ვალდებულია ღამე იმუშაოს.

საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარებულიყო იმ დროს, როცა ჩატარდა, რადგან არსებობდა ნივთიერი მტკიცებულებების, კვალის, ინფორმაციის განადგურების საფრთხე“, – თქვა პროკურორმა.

ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულებაში, რომელზეც ჩანს „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, შეუძლებელია ბრალდებულების ამოცნობა.

„ვიდეოჩანაწერების ნახვის შემდეგ, ვერცერთი ჭკუათმყოფელი ვერ დაინახავს ადამიანის სახეს, თუ ის მიკერძოებული არ არის“, – თქვა ადვოკატმა ირაკლი აბსანძემ.

ადვოკატებისთვის სადავოა ბრალდებულის ამოცნობის ოქმი, რომელშიც „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის“ (გდდ-ს) თანამშრომელი აღნიშნავს, რომ ქართული არ იცის და თარჯიმანი სჭირდება, შემდეგ კი ხელს გარკვევით, ქართულ ენაზე აწერს.

ბრალდებულმა გურამ ზასოხაშვილმა თქვა, რომ გამოკითხვის ოქმს ხელი მოაწერა, რადგან პოლიციელის მონაყოლს დაეთანხმა, თუმცა თავად ვერ წაიკითხა, რადგან ნაცემი იყო და თვალები დასივებული ჰქონდა. მისი თქმით, საბოლოოდ, ოქმში მისი მონაყოლისგან განსხვავებული ტექსტი, აღიარებითი შინაარსის ჩვენება აღმოჩნდა.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებმა უარი განაცხადეს ამოცნობის პროცესში მონაწილეობაზე, რის შემდეგაც პროცესი ფოტოამოცნობით წარიმართა. ადვოკატები ამასაც სადავოდ ხდიან, რადგან ამოცნობის ოქმს მხოლოდ გამომძიებლის მინაწერი აქვს, ბრალდებულების მიერ გაცხადებულ უარზე.

დღევანდელ, 21 იანვრის სხდომაზე, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, პროკურატურის – ყველა.

საქმის არსებითი განხილვა 4 თებერვალს, 12:00-ზე დაიწყება.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

ბოლო ორი თვის განმავლობაში პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.

სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 45 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button