მნიშვნელოვანისიახლეები

რეზოლუციებს ფასი არ აქვს, საქართველოს ხელისუფლებას კაბინეტებში აშანტაჟებდნენ-კალაძე

რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს. რეალობა არის ასეთი – საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ აშანტაჟებდნენ კაბინეტებში, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხელების გადაგრეხვის შემთხვევა იყო, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი და მიერთებოდა სანქციებს, – ამ განცხადებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოს საკითხზე რეზოლუციის – „საქართველოს ევროპული მომავლის“ მხარდაჭერას გამოეხმაურა.

თბილისის მერის თქმით, დასავლეთისგან ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ატარებს პროქართულ და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართულ პოლიტიკას.

„ერთი რამ სასიხარულოა, რომ სანქციებთან დაკავშირებით რეზოლუციაშიც უკვე ოფიციალურად დაწერეს, მოვუწოდებთ, რომ შევუერთდეთ სანქციებსო. ამდენი ხანი თვითონ არ საუბრობდნენ, გვერდიდან ვიღაც-ვიღაცებს ალაპარაკებდნენ, ისევე როგორც ომთან დაკავშირებით. თქვენ ხომ არ მოგისმენიათ განცხადებები ოფიციალური პირებისგან, რომ ქვეყანამ მეორე ფრონტი უნდა გახსნას, მაგრამ იქით უკრაინის მაღალი თანამდებობის პირი ალაპარაკეს, არასამთავრობო ორგანიზაციები ალაპარაკეს, ბომბები გვინდა, ცვიოდესო. ეს არის რეალობა და დიდი იმედი მაქვს, იმ ხელის გადაგრეხვის მეორე ნაწილსაც ალბათ სამომავლო რეზოლუციაში ჩაწერენ და საზოგადოებას ნათლად ეტყვიან, რაზე იყო საუბარი.

სანქციებს რომ მივერთებოდით, ვინ დაზიანდებოდა ამით? დაზიანდებოდა ჩვეულებრივი მოქალაქე, გლეხი, მცირე და საშუალო ბიზნესი, გაგვიუბედურდებოდა ეკონომიკა. რუსეთს ამით ჩვენ ვერაფერს დავაკლებდით და მოტივი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება დაეზიანებინათ. ჩვენ ხალხმა რატომ აგვირჩია? რადგან ვატარებთ პროქართულ, პრაგმატულ პოლიტიკას და, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესს ვიცავთ. ხალხი იმიტომ გირჩევს, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკა გაატარო, თორემ იარაღის აღებას რა უნდა? ეს ყველაზე მარტივია, აიღო იარაღი და იომო, მაგრამ სულელი ხომ არ უნდა იყო?! მიზანიც ეს იყო, თუ მივიღებდით არასწორ გადაწყვეტილებას და გავაუბედურებდით ხალხს, ხალხი ისევ ჩვენ მოგვადგებოდა და ლეგიტიმური უფლებაც ექნებოდათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა

გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის იყო ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია, დღეს ჩართეს საარჩევნო პროცესში საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა, რასაც ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი.

„ეს არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით. ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას, განცხადებას აქვს ჩალის ფასი, ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას. ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა, თუმცა ამ გარე ჩარევას ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი. თავისთავად, სამწუხაროა ის, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის იყო ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია, დღეს ჩართეს საარჩევნო პროცესში საქართველოში. ეს არ არის უბრალოდ სწორი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთ აქტებს ვერ ექნება ვერავითარი გავლენა საქართველოში არჩევნების შედეგებზე. ქართული საზოგადოება არის საკმარისად გამოცდილი, რათა თავად, დამოუკიდებლად მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი იმ პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც ბუნდესტაგში საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, მადლობას უცხადებს.

„მადლობა ჩვენო კოლეგებო „შუქნიშნიდან“ და CDU/CSU კოალიციიდან დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული საქართველოსადმი მკაფიო ერთგულებისთვის. ქართველო ხალხი 26 ოქტომბერს გადაწყვეტს ევროკავშირი თუ იზოლაცია, დემოკრატია თუ ტოტალიტარიზმი“, – წერს მიხაილ როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, გუშინ გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას – „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ მხარი დაუჭირა. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი წინსვლა ვერ და არ იქნება. აქვე ხაზგასმულია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის როლი და ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button