ანალიტიკამსოფლიოსიახლეები

“რეზონანსი”: “რუსეთმა საფრანგეთს საინფორმაციო ომი გამოუცხადა”

გაზეთი “რეზონანსი” აქვეყნებს სტატიას. სათაურით: “რუსეთმა საფრანგეთს საინფორმაციო ომი გამოუცხადა – კრემლის კვალი “ყვითელი ჟილეტების” აქციაში”.

საფრანგეთი “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქციებში რუსეთის შესაძლო ჩარევას იძიებს. საფრანგეთის სპეცსამსახურები რუსეთის კვალით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც გამოჩნდა, რომ “ტვიტერის” 600-ზე მეტი ანგარიში, რომელიც ადრე კრემლის პოზიციებს ავრცელებდა და ასევე კრემლთან დაკავშირებული ტელეარხები აქტიურად გადაერთვნენ საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე, ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციებს და ცდილობდნენ, სიტუაცია ბევრად უფრო მწვავედ წარმოეჩინათ, ვიდრე რეალურად იყო.

რუსეთი აცხადებს, რომ ეს ბრალდება ცილისწამებაა.

“ჩვენ არ ჩავრეულვართ და არ ჩავერევით სხვა ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთის შიდა საქმეებში”, – ამბობს კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი.

საფრანგეთში “ყვითელი ჟილეტების” აქცია, უკვე 4 კვირაზე მეტია, მიმდინარეობს. ორი დღის წინ კი საფრანგეთმა გამოძიება დაიწყო ქვეყანაში მიმდინარე “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო მოძრაობის უკან შესაძლო რუსული კვალის არსებობის შესახებ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეს იძიებს თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნო.

როგორც სააგენტო “ბლუმბერგი” წერს, საფრანგეთის სამართალდამცველი უწყებები ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ერთ-ერთმა ორგანიზაციამ – “ალიანსი დემოკრატიის დასაცავად” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვთან დაკავშირებული სოციალური მედიის ანგარიშები საპროტესტო მოძრაობაზე გავლენას ცდილობდნენ.

მაგალითად, დაახლოებით 600 ანგარიში “ტვიტერში”, რომლებიც უკვე დიდი ხანია, კრემლის ხედვის პროპაგანდას ეწევიან, ბოლო კვირებია, საფრანგეთზე ფოკუსირდნენ და მათ მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის ძირითადი წყარო რუსული სახელმწიფო მედიაა, მათ შორის “რაშა თუდეი” და “სპუტნიკი”.

“ბლუმბერგი” წერს, რომ ეს ორი არხი აქციებს აქტიურად აშუქებენ და არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. მაგალითად, ამ არხებმა გაავრცელეს ცნობა, რომ საფრანგეთის პოლიციის უმრავლესობა მაკრონს მხარს აღარ უჭერს და მომიტინგეების მხარეს გადავიდა. ამ არხებმა აჩვენეს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ პოში გადაღებული ვიდეო, რომელშიც პოლიციელები ჩაფხუტს იხსნიან, რაც მომიტინგეებისადმი სოლიდარობის ჟესტად იქნა აღქმული. ადგილობრივმა ფრანგულმა პოლიციამ და ჟურნალისტებმა კი განაცხადეს, რომ სცენის აღწერა არასწორი იყო. მათი თქმით, რამდენიმე პოლიციელმა მცირე ხნით მოიხსნა ჩაფხუტი, რათა მომიტინგეებს გასაუბრებოდნენ და შემდეგ ისევ დაიხურა.

შაბათს, 8 დეკემბერს, ბრიტანულმა გამოცემა “ტაიმსმა” დაწერა, რომ “ტვიტერზე” ასობით რუსეთთან დაახლოებული გვერდი გამოჩნდა, სადაც 1 500-ზე მეტი ცრუ ინფორმაცია გამოქვეყნდა საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციების შესახებ; რომ ვრცელდებოდა დაჭრილი მიმიტინგეების ფოტოები, რომლებიც სულ სხვა აქციიდან იყო აღებული, რაც საფრანგეთის პოლიციის სისასტიკეზე ფაქტების გაზვიადების მცდელობაა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევაში წარსულშიც არაერთხელ დაუდანაშაულებიათ, მათ შორის ბრექსითის რეფერენდუმისა და აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიის მხრიდან მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბრობდა ემანუელ მაკრონი 2017 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინაც.

გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ საფრანგეთს მოუწოდა, საპროტესტო აქციების წინააღმდეგ გადამეტებული ძალა არ გამოიყენოს და უზრუნველყოს იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, ვინც მიტინგებს აშუქებენ.

ზახაროვამ თქვა, რომ, მისი ინფორმაციით, აქციების გაშუქებისას დაშავდა რუსეთის სამთავრობო ტელეარხ “რაშა თუდეის” საფრანგეთის ბიუროს 8 თანამშრომელი.

საფრანგეთში ყვითელი ჟილეტებით მასშტაბური აქციები 17 ნოემბერს დაიწყო და მეოთხე კვირაა, გრძელდება. თავდაპირველად მოსახლეობა საწვავზე გადასახადის ზრდას აპროტესტებდა, რაც შემდეგ ანტისამთავრობო პროტესტში გადაიზარდა. შაბათს ქუჩებში 125 000-მდე ადამიანი გამოვიდა, მათ შორის დედაქალაქ პარიზში – 10 000. მომიტინგეების ნაწილმა ფანჯრები ჩაამსხვრია, მანქანები დაწვა და მაღაზიები გაძარცვა. პოლიციამ 1 700 ადამიანი დააკავა.

შაბათის აქციიდან გავრცელდა ფოტოც, სადაც ორი ადამიანი დგას და ხელში სამფეროვანი სეპარატისტული დროშა უჭირავს, წარწერით “დონეცკის სახალხო რესპუბლიკა”. ისინი მოსკოვის გავლენიან წრეებთან დაკავშირებული ფიგურები აღმოჩნდნენ. ერთი – ფაბრის სორლინი, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის ლიდერი, ორგანიზაცია “ასოციაცია საფრანგეთი-ევროპა-რუსეთის” ყოფილი ხელმძღვანელი და, ასევე, იმ ანალიტიკური ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, რომლის ზედამხედველთა საბჭოში პუტინის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი შედის. მეორეა კსავიერ მორო, რომელიც “რუსული სამყაროს” იდეის გულშემატკივარია და დამკვირვებლის როლში მონაწილეობდა ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის არჩევნებში, რის შემდეგაც აქტიურად აშუქებდა თავის პრორუსულ პოზიციას ფრანგულ მედიაში.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტან მაისაიას აზრით, რასაც რუსულ არხებზე ვხედავთ, ეს აშკარად მიანიშნებს, რომ რუსეთმა საფრანგეთს საინფორმაციო ომი გამოუცხადა.

“ფედერალურ არხებზე, როგორიცაა “ოერტე” და “არტივიაი”, პირდაპირ მიდის რევოლუციური კადრების სურათები საფრანგეთიდან. “სპუტნიკი” მუშაობს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, “რაშა თუდეი” კი – პოსტსაბჭოთა სივრცის მიღმა მიმართულებაზე და ყველგან ცალმხრივი, პროპაგანდისტული ინფორმაციები ვრცელდება.

“როდესაც რუსულ საინფორმაციო სივრცეში, მათ შორის ფედერალურ არხებზე, ჩნდება ცნობები, რომ აი, ფრანგი პოლიციელები მომიტინგეების მხარეზე გადავიდნენ, ამით ფრანგულ საზოგადოებაზე ზემოქმედებაც ხდება. ამას ემატება სოციალური მედია, სადაც საფრანგეთის აქციებზე ფეიკნიუსები ვრცელდება.

“მეტსაც გეტყვით, ეროვნული თავდაცვის ცენტრში სულ ახლახან შეიქმნა ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ოპერაციების მართვის სარდლობა, რომელიც კოორდინირებულ არასამხედრო ოპერაციებს გეგმავს სწორედ საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ომის მიმართულებით. რაც რუსულ მედიაში ხდება, ეს არის საინფორმაციო ომის კლასიკური მაგალითი. ეს რომ კარგად დადგმული არასაბრძოლო ოპერაციებია, ეს აშკარად ჩანს”, – ამბობს მაისაია.

მისი თქმით, რუსეთს აქვს ინტერესი, რომ საფრანგეთში სიტუაცია არიოს და საფრანგეთის ხელისუფლება დაამხოს.

“ჩვენ ვიხილეთ, როგორ იყო რუსეთი ჩართული პატრუშევის სახით მონტენეგროში, რომ გადატრიალება მომხდარიყო. ახლა კი ინტერესი აქვს, საფრანგეთშიც არიოს სიტუაცია რბილი ძალის ელემენტებით. საფრანგეთი არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი აქტორი. თან, მაკრონი პროატლანტიკური ტიპის პოლიტიკოსია და რუსეთის სურვილია, გახლიჩოს დასავლური ერთიანობა და ტრანსატლანტიკურ კავშირს მეტი ზიანი მიაყენოს”, – ამბობს მაისაია.

მსგავსი პოსტები

Back to top button