რიო-დე-ჟანეიროში 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადა გაიხსნა [Photo/Video]

რიო-დე-ჟანეიროში 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადა გაიხსნა. საზეიმო ცერემონია მარაკანას ლეგენდარულ სტადიონზე გაიმართა.

თეატრალიზებული წარმოდგენის ძირითადი თემა ბუნების დაცვა იყო. მაყურებელი ასევე გაეცნო ბრალიზილიის ისტორიას.

გახსნის ცერემონია თბილისის დროით გვიან ღამით დაიწყო და დილის 7 საათამდე გაგრძელდა. შეჯიბრის პირველ დღეს მედლების 12 კომპლექტი გათამაშდება.

შთამბეჭდავ სანახაობას 78 ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო.

საქართველოს ოლიმპიური გუნდი გახსნის ცერემონიის ცენტრალურ ნაწილში – ეროვნებათა აღლუმზე 81-ე ნომრად გამოჩნდა. ჩვენი გუნდის მედროშე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი, ევროპირველობის სამგზის ოქროსმედალოსანი, არაერთი საერთაშორისო ტურნირის ტრიუმფატორი და ოლიმპიადის ერთ-ერთი ფავორიტი, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი გახლდათ.

ეროვნებათა აღლუმი, ოლიმპიური ტრადიციის შესაბამისად, სტადიონზე საბერძნეთის ოლიმპიური გუნდის შემოსვლით დაიწყო, მასპინძელი ბრაზილია კი, წესისამებრ, ბოლო იყო. რაც შეეხება სხვა ქვეყნების თანმიმდევრობას, გუნდები ბრაზილიის სახელმწიფო ენის – პორტუგალიური ალფაბეტის მიხედვით გამოჩნდნენ. ამიტომაც იყო, რომ საქართველო „მარაკანაზე” სამხრეთ აფრიკის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ესპანეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, კორეის, ყაზახეთის, ყატარის და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყნის შემდეგ შემოვიდა.

სხვათა შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოლიმპიადის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია NBC ახორციელებს, რომლის მესვეურებმა თავისი გუნდის ბოლოში გადასმა მოითხოვეს, აქაოდა, ინგლისური ალფაბეტის თანახმად, ამერიკის ნაკრებს ერთ-ერთი ბოლო უწევს გამოსვლა და ცერემონიის შუაში გუნდის გამოჩენა ტელემაყურებელს დააბნევსო. სოკ-მა NBC-ს თხოვნა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ ეროვნებათა აღლუმზე გუნდები ოლიმპიური წესის თანახმად, თამაშების მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფო ენის ალფაბეტის მიხედვით გამოდიან.

ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ყველა სპორტსმენისთვის დიდი პატივია, თუმცა გამორჩეულად საამაყოა გუნდის მედროშეობა. ავთანდილ ჭრიკიშვილის გარდა გუშინ ეს პატივი კიდევ რამდენიმე საქვეყნოდ ცნობილ სპორტსმენს ხვდა წილად: ლეგენდარული ოლიმპიელი, თამაშების 18-გზის ჩემპიონი, მოცურავე მაიკლ ფელპსი ამერიკელთა მედროშე გახლდათ; წლევანდელი „უიმბლდონის” გამარჯვებული, ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი ერთეულთა შორის, ჩოგბურთელი ენდი მარი დიდი ბრიტანეთის ოლიმპიურ გუნდს „მარაკანაზე” ქართველთა შემდეგ, 82-ე ნომრად შემოუძღვა; გერმანელთა მედროშე მაგიდის ჩოგბურთელი, ყველა ტიტულის მომგები ტიმო ბოლი გახლდათ; არგენტინელების – სახელოვანი კალათბურთელი ლუის სკოლა; დანიელების – ჩოგბურთელი კაროლინ ვოზნიაცკი; ესპანელების – დიდი სლემის ტურნირების 11-გზის გამარჯვებული, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი; ფრანგების – დაუმარცხებელი ძიუდოკა, ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი…

მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, გახსნის ცერემონია მსოფლიოს 170-მდე ქვეყანაში პირდაპირ ეთერში გადაიცა, ხოლო სანახაობის ტელეაუდიტორიამ 3 მილიარდს გადააჭარბა!

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, 5 აგვისტოს, „მარაკანაზე” გამართულ შოუს 28 ქვეყნის პირველი პირი დაესწრო, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტი, ახლო წარსულში საფეხბურთო კლუბ „ბოკა ხუნიორსის” ხელმძღვანელი მაურისიო მაკრი; ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი; იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი; ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე; მონაკოს პრინცი ალბერ II და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრეზიდენტი პან გი მუნი.

საპატიო სტუმართა შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. პრეზიდენტი ბრაზილიაში მეუღლესთან, პირველ ლედისთან მაკა ჩაჩუასთან ერთად ჩავიდა.

XXXI ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც დაესწრო, რომელიც ქართველი სპორტსმენების გასამხნევებლად რიო დე ჟანეიროში მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად ჩავიდა. მათთან ერთად ოლიმპიადის გახსნას ადევნა თვალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ბარსელონის ოლიმპიადის ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა.

„მარაკანაზე” ოლიმპიური ცეცხლის ანთების პატივი ვანდერლეი კორდეირუ დე ლიმას ხვდა, ვეტერან მარათონელს, ათენის 2004 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანს.

ყველა ელოდა, რომ „მარაკანას” ოლიმპიურ ჩირაღდანს „ფეხბურთის მეფე” პელე აანთებდა, მაგრამ რეჟისორებმა სხვანაირად გადაწყვიტეს. მათ დე ლიმა იმ სევდიანი ისტორიის გამო აირჩიეს, რომელიც სტაიერს 2004 წელს, ათენში გადახდა. იქ, საბერძნეთში, ბრაზილიელი მარათონელთა შეჯიბრებას ლიდერობდა, თუმცა 35-ე კილომეტრზე, როცა უახლოეს მდევარს 25-30 წამით უსწრებდა, ერთ-ერთმა მაყურებელმა წააქცია, შებოჭა, ერთი სიტყვით, გვარიანად შეაფერხა. საბოლოოდ დე ლიმა ფინიშთან კი მივიდა, მაგრამ მხოლოდ… მესამე ნომრად. ათენის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე, მარათონელთა დაჯილდოებისას, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დე ლიმა უდრეკი სპორტული სულის გამოვლინებისთვის პიერ დე კუბერტენის მედლით დააჯილდოვა. რაც შეეხება ბრაზილიელის შემაფერხებელს, ის ირლანდიელი კორნელიუს ნილ ჰორანი აღმოჩნდა, კათოლიკური ეკლესიიდან განკვეთილი ექსცენტრიული მღვდელი.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”39909″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button