რიო ქართველი ოლიმპიელების მოლოდინში [Video]

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პირველი ექვსკაციანი ჯგუფი უკვე შეუდგა მუშაობას ოლიმპიურ სოფელში, რომელიც რიოს ახალ უბან არაშია განთავსებული. იქ თავმოყრილია ძირითადი სპორტულ-ოლიმპიური ობიექტები, მათ შორის – ოლიმპიური პარკი, რიოცენტრო, საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრი და მთავარი პრეს-ცენტრი, მედია-სოფელი, ასევე – 15 სპორტული არენა.

ოლიმპიურმა სოფელმა პირველი სტუმრები 24 ივლისს მიიღო, სადაც საოლიმპაიდოდ აშენდა 17-სართულიანი 31 საცხოვრებელი კორპუსი. საქართველოს სპორტული დელეგაცია სოფლის ცენტრში, მე-15 კორპუსში, ბოლო სამ სართულზე განთავსდება. აივნები უკვე მოირთო საქართველოს დროშებით და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ლოგოებით.

რიოში ჩასვლისთანავე ჩვენი მისიის ხელმძღვანელებისა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ცალკეული სამსახურების წარმომადგენელთა პირველი საქმიანი შეხვედრა მოეწყო, რომელშიც მონაწილეობდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საერთაშორისო სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური და სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც უკავშირდება დელეგაციის წევრთა განთავსებას, სატრანსპორტო მომსახურებას, ოლიმპიური სოფლის სერვისებით სარგებლობის, სოფელში სტუმრების დაშვების, ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიაში მონაწილეობის წესებს და ა.შ.

ოლიმპიური სოფლის მშენებლობა, ბრაზილიაში არსებული ეკონომიკური პრობლემების გამო, დაგეგმილზე გვიან დაიწყო, სამუშაოები ნაჩქარევად და უხარისხოდ შესრულდა, რამაც უკვე იჩინა თავი. რიოში ჩასული ოლიმპიური დელეგაციები სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ: აპარტამენტების ნაწილში გაუმართავად მუშაობს სანტექნიკა, მოუწესრიგებელია ელექტრო, წყლის გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, აკლია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და აუცილებელი საგნები. იგივე პრობლემებია საქართველოს ოლიმპიელებისთვის გამოყოფილ აპარტამენტებშიც.

როგორც საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა გვითხრა, ამ საკითხის ოპერეტიულად მოსაგვარებლად რამდენიმე შეხვედრა ჰქონდათ ოლიმპიური სოფლის შესაბამის სამსახურებთან და სპეციალისტები უკვე შეუდგნენ ხარვეზების გამოსწორებას: “იმედი გვაქვს, რომ ვიდრე ჩვენს სპორტსმენებს ოლიმპიურ სოფელში შემოვიყვანთ, საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მოესწრება. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან საუბრისას შევიტყვეთ, რომ ზოგიერთ საცხოვრებელ კორპუსში გაცილებით უარესი მდგომარეობაა. ამ და სხვა პრობლემურ საკითხებზე, ცხადია, შეფასებები გაკეთდება მისიების ხელმძღვანელთა ხვალისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე, სადაც ოლიმპიური სოფლის ხელმძღვანელობას მოუწევს მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა. იმასაც გეტყვით, რომ ოლიმპიური სოფლის გახსნის პირველ დღეებში მსგავსი პრობლემები წინა ოლიმპიადებზეც ყოფილა. მთავარია, სწრაფად გამოსწორდეს მდგომარეობა. აქ ამის ნიშნები უკვე იგრძნობა”.

2 აგვისტოს, დილით, რიოს ოლიმპიურ სოფელში საზეიმო ვითარებაში აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა.

მსგავსი პოსტები

Back to top button