მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“რიონისპირა სახლების რეკონსტრუქციაზე უარი თქვეს”

პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაცია რიონისპირა სახლების რეკონსტრუქციის პროექტის ჩავარდნას ეხმაურება და ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებს.

ინფორმაციას “ქუთაისიპოსტი” ავრცელებს.

ენმ-ის წარმომადგენლის, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატ გიგა შუშანიას თქმით, მმართველი ძალა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული ბანერებისა და სურათების პრეზენტაციით არის დაკავებული და მხოლოდ ამას მიიჩნევს საკმარისად.

“აღმოჩნდა, რომ ადამიანს, რომელმაც მოიგო პროექტირების შესახებ ტენდერი, ეს ტენდერი გაუუქმდა და მუნიციპალური განვითარების ფონდმა რიონისპირა სახლების რეკონსტრუქციაზე უარი თქვა. ქუთაისი დღეს არის ღმერთის ანაბარა მიტოვებული, მოუვლელი, გადათხრილი. 2012 წლის შემდეგ “ქართულ ოცნებას” ქალაქისთვის არც ერთი ტურისტული ლოკაცია არ დაუმატებია. თუ არ ჩავთვლით თეთრი ხიდის გაუბედურებას, რომელიც დაჟანგულია. ჩვენ თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი ამ პროექტისადმი, იმიტომ, რომ დიდ შესწავლას მოითხოვდა, რომელიც არ გაუკეთებიათ, იყო ზედაპირული, არ იყო დაკონკრეტებული ეტაპები, თანხები საიდან იქნებოდა მოძიებული. ეს იყო წინასაარჩევნოდ მხოლოდ ბანერებზე ნაჩვენები ქუთაისისათვის. “ქართული ოცნება“ მიეჩვია სურათებით პროექტების პრეზენტაციას და შემდგომ მათი ბედი არ აინტერესებთ.” – ამბობს გიგა შუშანია.

შუშანია ქალაქში შეჩერებულ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც მიუთითებს, როგორიცაა ასსაფეხურიანი კიბეების, გაპონოვის ქუჩის, ცენტრალური ბაღის რეკონსტრუქცია. დაანონსების მიუხედავად, ყველა ეს პროექტი დაპაუზებულია.

რიონისპირა სახლების აღდგენა ქუთაისის მერიამ 2019 წელს ყველაზე დიდ და პრიორიტეტულ პროექტად დაასახელა.

გასულ წელსვე, პროექტირებაზე 944 000 ლარიანი ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმაც გამოაცხადა.

პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე რეკონსტრუქცია რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სახლებს უნდა ჩატარებოდა, შემდეგ სამუშაოები კათოლიკურ უბანში უნდა გადანაცვლებულიყო, საბოლოო ჯამში კი, მთელი ისტორიული ნაწილი უნდა მოეცვა.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 25 მილიონი ლარი იყო.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ რიონისპირა სახლების რეკონსტრუქცია აუცილებლად განხორციელდება. ქალაქის მერის მოადგილის, ნინო თვალთვაძის თქმით, განმეორებითი ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

“ოპოზიციის განცხადება წარმოადგენს სამწუხარო სპეკულაციას. ტენდერი არ გაუქმებულა. ეს არის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც არსებობდა მგფ-სა და კონკრეტულ კომპანიას შორის და რომელიც გარკვეული პრეტენზიების გამო შეწყდა. გამომდინარე იქედან, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტი არ წარმოადგენს ხელშეკრულების ოფიციალურ მხარეს, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.

“რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომ ქუთაისში შეჩერდა ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, ესეც სრული სიცრუეა. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი კი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტია, რომელიც არაერთხელ იქნა გამოცხადებული, როგორც ჩაშლილი და ტყუილი დაპირება და დღეს ყველა ვხედავთ სრულიად ახალ, რეგიონისა და ქალაქისთვის უმნიშვნელივანეს ინფრასტრუქტურას, რომელიც მზადაა უმასპინძლოს პირველ სტუდენტებს.

“ასევე, მიუხედავად პანდემიისა, ქალაქში არ შეწყვეტილა არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, გეგმის მიხედვით გრძელდება გზების, სკვერების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების რეაბილიტაცია.” – განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

აღსანიშნავია, რომ მერის მოადგილის მიერ დასახელებულ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტები ჯერ კიდევ შარშან უნდა მიეღო, თუმცა სამშენებლო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ამის შესახებ, heretifm.com უკვე იუწყებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button