რისთვისაც არ უნდა გვამზადონ, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ოცნებას“-დაუშვილი

სავარაუდოდ, იქნებიან ძალები, ვის ინტერესშიც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან რაიმე უფრო მძიმე შედეგის დადგომა იყოს, რაც შემდგომში დესტაბილიზაციისთვის, არეულობისთვის, ხელისუფლების ცვლილებისთვის იქნება გამოყენებული – ამის იქეთ აღარ წავალ! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა გიორგი კახიანმა გააკეთა.
მისივე თქმით, თუკი რისკები არსებობს, სახელმწიფო და მისი შესაბამისი სამსახურები სათანადო ზომებს მიიღებს, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი და მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.
გიორგი კახიანის აზრით, “ხალხის ძალის” განცხადება საკმაოდ ყურადსაღებია.
“მოცემულობა ასეთია: – თუკი ვინმეს ინტერესშია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი და მისი უსაფრთხოება დაცული იყოს, ეს პირველ რიგში, არის ხელისუფლება. ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. როგორც ჩანს, არის ძალები, რომელთა ინტერესში ეს არ შედის. პირიქით, მათ ინტერესში შეიძლება იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან რაიმე მძიმე შედეგი, რათა ამას შემდგომ არეულობა, დესტაბილიზაცია და ხელისუფლებია ცვლილება მოჰყვეს.
ცხადია, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს და მისი უსაფრთხოება იყოს დაცული. თუკი რაიმე რისკები არსებობს და შესაძლებელია ასეთი რისკები არსებობდეს, მისი უსაფრთხოების ნაწილში სახელმწიფო ყურადღებას კიდევ უფრო გაამკაცრებს და გააძლიერებს. შესაძლოა ვინმეს ასეთი სურვილები ჰქონდეს, მაგრამ რისკები გამორიცხული იქნება”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ, მოწამვლაც ამიტომ მოხდა – მე არ მგონია „ხალხის ძალა“ ეს ის ხალხია, რომელიც განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით გამოირჩევიან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას.
როგორც ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს.
„ჩვენ ამ თემაზე არ გვისაუბრია, ჩვენი სასაუბრო თემა ბუბა იყო. ისეთი ისტორია გავიგე, რომელიც მე არ ვიცოდი. ერთხელ, როცა რუსთავში ბუბამ მოინახულა, აღმოჩნდა ჩაკეტილ სივრცეში და ადამიანს ხუთვა დაეწყო, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, იმდენი ვურტყი ფეხი კარებს, რომ მაშინ თითი მომტყდა და მაინც ფანჯარა არ გაუღეს, რომ ავადმყოფ ადამიანს ჰაერი ჩაესუნთქა, ამიტომ, შეხვედრა შევწყვიტეო. გარდა ამისა, ისიც ფაქტია, რომ ჩვენთან ხანდახან მიცვალებულები უფრო უყვართ, ვიდრე ცოცხალი ადამიანები.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ, მოწამვლაც ამიტომ მოხდა. დიახ, რა თქმა უნდა, ამას ცდილობენ, მაგრამ რაც შეეხება ამ პროგნოზებს, მე არ მგონია „ხალხის ძალა“ ეს ის ხალხია, რომელიც განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით გამოირჩევიან. ჩემ შვილის შესაშინებლადაა და იმ ამერიკელებს უქნევენ თითს, როგორც ჩანს. პატრონები ჩვენ ვართ და ჩვენ რომ ვერ გვიგულისხმებენ ამ კონტექსტში, ეს ხომ ნათელია“,-განაცხადა ალასანიამ.
ამასთან, როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ისევე სუსტად არის, როგორც წინა შემთხვევებში იყო.
რისთვისაც არ უნდა გვამზადონ, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ოცნებას“. ვისაც რა არ უნდა დააბრალონ, მოცემულობა მარტივია – სასჯელის აღსრულებაც და უფლებების დაცვაც „ოცნების” პასუხისმგებლობა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „ხალხის ძალის” განცხადება ხომ არ არის შემზადება იმისთვის, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი ციხეში გარდაიცვალოს.
მისივე თქმით, „ოცნება” თითოეული განცხადებით, რომლითაც თავს ესხმის დასავლეთს და მოკავშირეებს, ქვეყანას აზიანებს და კიდევ უფრო დაუცველს ხდის მას რუსული აგრესიის წინაშე.
„როცა ქვეყანას ჰყავს მტერი და ოკუპანტი, ამ დროს “ოცნება” ებრძვის მთავარ მოკავშირეებს, რომლებიც ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მთავარი გარანტორები არიან. როგორც წარმოგიდგენიათ – რომ დავუშვათ, რომ გარკვეული პერიოდი საერთაშორისო იზოლაციაში მოვექეცით, რუსულ აგრესიას და ოკუპაციას რა შეიძლება დავუპირისპიროთ?! ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ ეს აგრესია და ოკუპაცია დღეს არსებულ სტატუს-კვოზე გაჩერდება? რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ამიტომ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მსგავსი განცხადებებით, როცა “ოცნება” თავს ესხმის მოკავშირეებს, ამით ასუსტებს ჩვენს ქვეყანას,”- განაცხადა დაუშვილმა.
ინფორმაციისთვის, „ხალხის ძალა“ მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის „პატრონებს” კონკრეტული თემებით აშანტაჟებს, „ამ პირობებში კი ისინი ყველაფერს იღონებენ მის გასათავისუფლებლად, ხოლო თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, რჩება გეგმა B: სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება“.
„სააკაშვილის ლიკვიდაციის შემთხვევაში, პატრონები ორ კურდღელს დაიჭერენ: პირველი, მოიშორებენ ოქროს მოწმეს, რომელსაც ციხეში ნულოვანი პოლიტიკური ფასი აქვს; და მეორე და მთავარი, სააკაშვილის სიკვდილს ხელისუფლებას დააბრალებენ და ამ საბაბით, ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობას შეეცდებიან, რისი საბოლოო მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იქნება,”- აღნიშნულია „ხალხის ძალის” განცხადებაში.