მნიშვნელოვანისიახლეები

არ ვაპირებ “კორუმპირებულის” იარლიყთან შეგუებას-სანქცირებული მოსამართლეები ჩივილს აპირებენ

მოსამართლე ირაკლი შენგელია, რომელიც აშშ-ის მიერ სანქცირებულების სიაში მოხვდა, აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მართლმსაჯულების ორგანოს საჩივრით მიმართავს და სადავო გახადოს მისი სანქცირების გადაწყვეტილება. . მოსამართლე ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ “კორუმპირებულის იარლიყს” არ შეეგუება და დაიცავს თავის საქმიან რეპუტაციას.

“ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც ჩემი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

ჩემთვის აშშ-ის ვიზა არ არის მთავარი, შესაძლოა საერთოდაც აღარასდროს გავემგზავრო იქ; არამედ – მთავარია ღირსებისა და იმ საქმიანი რეპუტაციის დაცვა, რაც გამაჩნია, მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად შესრულების შედეგად”, – წერს ირაკლი შენგელია.

მისივე თქმით, სარჩელი აშშ-ის სასამართლოს წარედგინება მას შემდეგ, რაც ორგანიზაციულ საკითხებს გადაწყვეტს ირაკლი შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოში თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის მოადგილედ 2021 წლიდან მუშაობს. მისი მოსამართლეობის კარიერა წინა ხელისუფლების დროს იწყება.

2020 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო, როცა მისი ახლო ნათესავი ამ საბჭოში კანდიდატად წარდგა – ის კანდიდატ ლევან თევზაძის ცოლისძმა იყო. ირაკლი შენგელიამ მაშინ თქვა, რომ არ ჰქონდა თვითაცილების საფუძველი.

ირაკლი შენგელიას კავშირებზე 2020 წლის ივლისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ისაუბრა. იმ დროის მონაცემებით:

ირაკლი შენგელიას ცოლი ლანა თევზაძე მუშაობდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;
ირაკლი შენგელიას და თინათინ შენგელია – სამტრედიის რაიონულ სასამართლოში სპეციალისტად;
ირაკლი შენგელიას დისშვილი სალომე კაცაძე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს, როცა არასამთავრობო სექტორი “სასამართლოს მახინჯ პრაქტიკაზე” საუბრისას აღნიშნავდა, რომ მოქალაქეებს პატიმრობას მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებით უსჯიდნენ, მოსამართლე შენგელია ამბობდა:

“რაც შეეხება მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებას, როგორ წარმოგიდგენიათ, სხვა მტკიცებულება რა შეიძლება იყოს, გარდა პოლიციელთა ჩვენებისა, როცა პირი სამართალდამრღვევად ცნო და პატიმრობა მიუსაჯო მას. უდიდესი ნდობა სახელმწიფოს მიმართ, სახელმწიფო მოხელეა, სხვა რა უნდა იყოს”.5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო სანქციები დაეკისრებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც განმარტა ის მიზეზები, რის გამოც მიიღეს ქართველი მოსამართლეების სანქცირების გადაწყვეტილება.

ელჩმა თქვა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები “საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში”.
მოსამართლე ლევან მურუსიძე ამბობს, რომ ისიც ფიქრობს, ხომ არ მიმართოს ამერიკის სასამართლოს სარჩელით მისი დასანქცირების გამო. მისივე თქმით, ჯერ გარკვეულ პროცედურებში გარკვევა სჭირდება.

მურუსიძე ისევ იმეორებს, რომ კორუფციის შესახებ ბრალდება, რის გამოც დასანქცირდა, აბსურდია.

“მე მივესალმები ირაკლი შენგელიას პოზიციას ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთან მიმართებაში აბსურდია კორუფციული ბრალდებების წამოყენება, რა თქმა უნდა, ეს უნდა გასაჩივრდეს აშშ-ის სასამართლოში. ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დაგვჭირდება გარკვეულ პროცედურებში გარკვევა და ჩახედვა და მერწმუნეთ რა, რომ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ… ირაკლიმ ხომ გადაწყვიტა, მე ვფიქრობ მაგასთან დაკავშირებით, მაგრამ პირველი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ რეალურად რაც ხდება ახლა ჩვენთან მიმართებაში და ზოგადად სასამართლო სისტემაში, ეს არის პირდაპირ თავდასხმა მართლმსაჯულების სისტემაზე”, – თქვა მურუსიძემ.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეკისრებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხელ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button