მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

როდიდან იხსნება ტურიზმი, წარმოება, მაღაზიები

15 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

„საქართველოს მთავრობას აქვს გეგმა და ეს გეგმა შესრულდება. 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები. ამას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორის შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით, ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით, ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს და ტურისტულ ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ მიიღოს უცხო ქვეყნიდან სტუმრები.“ – აღნიშნა გახარიამ.

ამავდროულად, მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გააკეთა.

მისივე განმარტებით, 11 მაისიდან ასევე გაიხსნება ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.

„11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, მომავალი კვირიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს“. – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button