მნიშვნელოვანისიახლეები

როდის და რა შემადგენლობით ჩავა შალვა პაპუაშვილი უკრაინაში

საქართველოს პარლამენტი ავრცელებს ინფორმაციას პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილისა და უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის ონლაინშეხვედრის თაობაზე. ინფორმაციის თანახმად, „მხარეები შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე უკრაინაში“.

მქონდა კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზადყოფნა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.

„შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალში სხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ერთმანეთთან წინასწარი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება, თავად დააკომპლექტებს და ის ინტერპარტიული იქნება.

პაპუაშვილის თქმით, დღევანდელ ონლაინ-შეხვედრისას უკრაინელ კოლეგასთან ერთად შეთანხმდა, რომ უკვე არსებული და შესაძლო დეზინფორმაციების თავიდან ასარიდებლად, გაუგებრობები პირადი კომუნიკაციით აღმოფხვრან. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსლან სტეფანჩუკთან ბოლო პერიოდში აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა..

“რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის, აგრეთვე, საქართველოში მყოფი უკრაინელებისადმი გამოჩენილი მზრუნველობისა და ყურადღებისთვის. შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა. შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა”, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან უკრაინაში გამგზავრების მიზნით საპარლამენტო დელეგაციის ფორმირების საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის კაბინეტში კონსულტაციები მიმდინარეობს.

სავარაუდოდ აღნიშნულ შეხვედრაზე გადაწყდება, რამდენი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი დელეგაცია და ვინ გაემგზავრება უკრაინაში.

როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა, დელეგაციაში ყველა პოლიტიკური პარტია უნდა იყოს წარმოდგენილი.

“ოპოზიციიდან მარტო მე არ წავალ. მე წავალ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად. სამართლიანია, რომ დელეგაციაში ყველა პარტია იყოს წარმოდგენილი”, – განაცხადა იოსელიანმა შეხვედრის დაწყებისას.

კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის ხათუნა სამნიძის თქმით, საპარლამენტო დელეგაცია წარმომადგენლობითი უნდა იყო, რაზეც მისივე ინფორმაციით, მმართველ გუნდთან შეთანხმება, 12 აპრილს გამართულ კონსულტაციებისას შედგა.

“უკრაინას დიდი დელეგაციის მიღების პრობლემა არა აქვს. ახლახანს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩავიდა დელეგაციები, სადაც წევრთა რაოდენობა 30-ს ცდებოდა. ჩვენს შემთხვევაში 10-12 ადამიანზეა საუბარი. „ქართულმა ოცნებამ“ დადო პირობა, რომ მზად არის იყოს შერეული, ფართო დელეგაცია. მოხდა იმის მიღწევა, რომ დელეგაციას შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. უკრაინა ელოდება დელეგაციას, სადაც სხვადასხვა პარტია იქნება”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დღეს, 13 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მხედველობაში მიიღეს უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის ინტერვიუ, რომელიც მან ტელეკომპანია „იმედს” მისცა. კობახიძის განცხადებით, ინტერვიუ შეიცავდა „ოპტიმიზმით გაჯერებულ გზავნილებს ორმხრივი მიმართულებით“, რაც გახდა უკრაინაში გამგზავრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე დღეს, 13 აპრილს, გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც უკრაინაში წასვლის მზაობა გამოხატა.
8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა. მიწვევასთან დაკავშირებით მხარეებმა რამდენჯერმე გაცვალეს საჯარო და წერილობითი პოზიცია. “ქართული ოცნება” შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე წინაპირობას აყენებდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ჩავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button