მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა დაბომბა

რუსეთ-უკრაინის ომი კვლავ აქტიურ ფაზაშია- რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა დაბომბა. უკრაინული მედიის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალების მოქმედებები სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონი ოთხი „ეს-300”-ის და „ეს-400”-ის სისტემის საზენიტო მართვადი რაკეტით, ასევე უპილოტო აპარატებით ყირიმიდან დაბომბეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული უპილოტო აპარატები დნეპროპეტროვკის, ოდესის და ხერსონის რეგიონებში ჩამოგდეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით, მძიმე ზეწოლის ქვეშ მყოფ უკრაინულ ძალებს შესაძლოა, მოუწიოს უკან დახევა, რათა უზრუნველყონ თავიანთი ფრონტის ხაზის დაცვა და საბრძოლო მასალის შენარჩუნება. ზელენსკის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ შეერთებული შტატები უკრაინას საჭირო სამხედრო დახმარებას არ გაუწევს.
ცნობისთვის ოკუპანტებმა ღამით აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი რაკეტა და 12 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, მათ 12-დან 9 თვითმფრინავის განეიტრალება შეძლეს.

გრძელდება თავდასხმები უკრაინის ენერგო სისტემებზეც, რის გამოც ყოველდღიურად ათობით ადამიანი იღუპება.

ზელენსკის თქმით, დაზიანებული ენერგეტიკული სექტორის გამო, უკრაინა და, მასთან ერთად, მოლდოვა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ, თუ ომი დროულად არ დასრულდება, რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება.

“ჩვენი მტრის მთავარი სამიზნე ჩვენი ენერგოსისტემაა. განსაკუთრებულად ძლიერი რუსული დარტყმები სწორედ ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. ეს საკითხი ჩვენთვის, ჩვენი მეზობლებისა და მთელი კონტინენტისთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დნესტრისა და კანევის ჰიდროელექტროსადგურების მიზანმიმართული დაბომბვა ნათლად აჩვენებს რუსეთის სურვილს, გაიმეორონ კატასტროფა, რომელიც კახოვკის სადგურზე განახორციელეს. ჩვენს საერთო ამოცანად უნდა იქცეს იმაში დარწმუნება, რომ ამგვარი კატასტროფა ევროპაში აღარ განმეორდეს. უკრაინის გარდა, საფრთხეშია მოლდოვაც. მადლიერი ვარ ყველა პარტნიორის, რომელიც საჰაერო თავდაცვის ნაწილში დახმარებას გვიწევს. დიპლომატიურ ფრონტზე კი, ჩვენ ველით მეტ ძალისხმევას, მათ შორის – რუსული გავლენების საპასუხოდ ბრძოლაში. რაც შეეხება ფრონტის ხაზს, ჩვენ ზუსტად ვიცით, რისთვის ემზადება რუსეთი. ისინი შეპყრობილნი არიან ომით და თავისით არ გაჩერდებიან. ჩვენ კი ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მათ საკმარისი პასუხი გავცეთ.“ – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიჰალის განცხადებით, დღეს რუსებმა უკრაინაზე მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს. მისი თქმით, რუსული ძალების მთავარი სამიზნე ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.

“დღეს ღამით რუსმა ტერორისტებმა ჩვენს ქვეყანაში მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს. თავდასხმის მთავარი სამიზნე კვლავ ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა.

დარტყმას გავუძელით. ენერგეტიკული სისტემა ხელუხლებელია, მაგრამ მდგომარეობა ძალიან რთულია. რიგ რეგიონებში ელექტრომომარაგების პრობლემაა. ამ საკითხს ვაგვარებთ”, – ამბობს შმიჰალი.

დღეს საღამოს აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში. სარაკეტო თავდასხმის შედეგად ქალაქში 5 ადამიანი დაშავდა. ამასთან, დილით ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს სამ თბოელექტროსადგურზე, დნეპროპეტროვსკის, პოლტავისა და ჩერკასის ოლქებში. შედეგად, დნიპროს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button