მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“როგორ აპირებთ ადამიანების გამოკვებას?”

“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოგვეცეს საშუალება, რომ დავსვათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ აპირებთ, ადამიანები ელემენტარულად გამოიკვებონ”, – განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანი, რომელიც თავს ქვეყნის პატრონად აცხადებს, ცეკვა თამაშის ხასიათზეა ბუნკერში გამოკეტილი, სხვა ადამიანებს კი, ლუკმა-პურის ფული არ აქვთ.

“რაც შეეხება კითხვა-პასუხის შეზღუდვას, რაც თქვენი უფლებამოსილებაა ბატონო არჩილ (თალაკვაძე), ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოგვეცეს საშუალება, რომ დავსვათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ აპირებთ, ადამიანები ელემენტარულად გამოიკვებონ. დღეს ვერაფერი მოვისმინეთ იმ კონკრეტული გეგმის შესახებ თუ დღეს, როგორ აპირებთ ელემენტარულად გამოიკვებონ ადამიანები. ფუფუნების საგნებზე კი არ არის ლაპარაკი, აგერ ღარიბაშვილს ძვირფასი საათების შეძენაზე 200 000 ლარი დაუხარჯავს. 100 000 ლარზე მეტი დახარჯა გომელაურმა ავეჯის შეძენაზე საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც შს მინისტრი მთელი არსებით კორონავირუსთან ბრძოლაში უნდა იყოს ჩართული”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თაობაზე მსჯელობენ.

დღესვე, საათების შეძენასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

“საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ საათების შეკვეთის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჯერ კიდევ 2019 წელს, შესაბამისად, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე აღნიშნული ვირუსი გამოცხადდა მსოფლიო პანდემიად. აღნიშნული შესყიდვა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების დროს, ჩვენი დამსახურებული სამხედროების წახალისებისა და ცალკეული მნიშვნელოვანი სტუმრების დაჯილდოების მიზნით. მოცემული საათის დიზაინი შექმნა ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა – ზვიად ციკოლიამ, რომელმაც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის წარსულში უკვე შექმნა სპეციალური დიზაინის სამხედრო საათები, რომელიც მაღალი პოპულარობით სარგებლობდა არამხოლოდ სამხედროებს, არამედ სამოქალაქო პირებს შორისაც. კერძოდ, 2011 და 2012 წლებში, მისი დიზაინით დამზადდა 1200-ზე მეტი რაოდენობის მაჯის საათი.

სპეციალურად თავდაცვის სამინისტროსთვის შვეიცარიაში მოხდება საათების დამზადება გონივრულ ფასად. შედარებისთვის, ერთეული საათის ღირებულება 3 სამაჯურით, დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 166.38 აშშ დოლარს. მაგალითად, ასევე შედარებისთვის, იარაღის ჩუქება დამკვიდრებული პრაქტიკაა, ისევე როგორც საათების ჩუქება უამრავი ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში. ნებისმიერი იარაღი,
საშუალოდ ღირს 1500-იდან 2000 ლარამდე, მაშინ როდესაც აღნიშნული სპეციალური შეკვეთით დამზადებული შვეიცარული საათის ღირებულება 166.38 აშშ დოლარია, რაც ერთის მხრივ, იქნება სამახსოვრო საჩუქარი სამხედროებისთვის და მეორეს მხრივ, ეს გადაწყვეტილება დაზოგავს მნიშვნელოვან ხარჯებს, სხვა შესაძლო საჩუქრის შეძენის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, სამინისტროს მიერ დაცულია რაციონალური ხარჯვის პრინციპი.” – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button