მშვიდობით, კომანდანტე! [Video]

4 დეკემბერს კუბაში კომუნისტური პარტიის ლიდერის – ფიდელ კასტროს დაკრძალვის ცერემონია ჩატარდა, რომელიც „თავისუფლების კუნძულს“ ნახევარი საუკუნის მანძილზე მართავდა. მისი კრემირებული ნეშტი მშობლიურ სანტიაგო-დე-კუბაში სანტა-იფიგენიას სასაფლაოზე მიწას მიაბარეს, – იუწყება AP.

კუბის რევოლუციის ლიდერი 26 ნოემბერს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. კომანდანტეს ანდერძის თანახმად, მის ცხედარს კრემაცია ჩაუტარდა.
კასტროს უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ქალაქის მოსახლეობა ტიროდა, კუბის დროშებს აფრიალებდა და სკანდირებდა – „გაუმარჯოს ფიდელს!“.
კუბელმა სამხედროებმა 21 ზარბაზნიდან სალუტი გაუშვეს, ადამიანები სასაფლაოს შესასვლელთან კუბის ნაციონალურ ჰიმნს მღეროდნენ. ცერემონია ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
1992 წლის 10 მარტს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად კუბის სათავეში ფულხენსიო ბატისტა მოვიდა, რომელმაც ქვეყანაში სამხედრო-პოლიციური დიქტატურა დაამყარა.

გადატრიალებამ უკმაყოფილება გამოიწვია პროგრესულად განწყობილ ახალგაზრდებში, რომლის ყველაზე რადიკალურ ჯგუფს ახალგაზრდა ადვოკატი და დამწყები პოლიტიკური მოღვაწე, ფიდელ კასტრო ხელმძღვანელობდა.
1953 წლის 26 ივლისს 165 პარტიზანისგან შემდგარი ჯგუფი, ფართო მასებზე დაყრდნობითა და ფიდელ კასტროს მეთაურობით, სანტიაგო-დე-კუბაში მონკადას ყაზარმას თავს დაესხა. ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ რევოლუციონრები დამარცხდნენ, ამბოხებულთა უმრავლესობა დაიღუპა, ხოლო დანარჩენები დააპატიმრეს.

1953 წლის 21 სექტემბერს გაიმართა სასამართლო.

პროცესზე ფიდელ კასტრომ ადვოკატზე უარი განაცხადა და თავს თვითონ იცავდა. მან მაშინ წაროთქვა თავისი ცნობილი სიტყვები „მე ისტორია გამამართლებს”.

კასტროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაგრამ საზოგადოების მხრიდან ზეწოლის გამო ბატისტა იძულებული გახდა, ამბოხებულები შეეწყალებინა.

ციხიდან განთავისუფლების შემდეგ კასტრო მექსიკაში გადასახლდა და იქ მომავალი რევოლუციის – „26 ივლისის მოძრაობა“ შექმნა, ხოლო მოგვიანებით ლეგენდარულ რევოლუციონერ ერნესტო ჩე გევარასთან და მრავალ თანამზრახველთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა, სადაც პარტიზანული მოძრაობა გააჩაღა.

1959 წლის 1 იანვარს პარტიზანებმა ჰავანა დაიკავეს და იმ დღის შემდეგ კუბის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button