როგორ ისჯებიან გახარიასთან მეგობრობის გამო საჯარო მოხელეები

ფოთში ა(ა)იპ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა მინდია ბარამიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მასთან ერთად სამსახურიდან ამავე ცენტრის სპეციალისტი ხვიჩა დოლბაია გაათავისუფლეს.
ბარამია აცხადებს, რომ პოსტის დატოვება აიძულეს და ამას ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თანაგუნდელებთან მეგობრობას უკავშირებს. მისი თქმით, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი შეუერთდება თუ არა გიორგი გახარიას გუნდს. იგი ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივ დავას აპირებს.
“დირექტორმა გამაცნო ეს საკითხი, რომ მე უნდა წავსულიყავი თანამდებობიდან. მიზეზი ვერ მითხრეს. სხვათა შორის ძალიან შეწუხებული იყო ამ ყველაფრით. როდესაც უარი ვუთხარი ჩემი ნებით განცხადების დაწერაზე, თვითონ გამათავისუფლეს. მე პირადად ამ ყველაფერს ვუკავშირებ მიმდინარე პროცესებს, რომელიც მერიაში განვითარდა. მერის ყოფილ მოადგლეებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ფოთი მოგეხსენებათ ძალიან პატარაა და ბევრი ერთმანეთის მეგობრები ვართ. გახარიას მე პირადად არ ვიცნობ, ძალიან დიდი პატივს ვცემ მაგ ადამიანს, მაგრამ ის ადამიანები, რომლებსაც მერიაში თანამდებობები დაატოვებინეს, ჩემი მეგობრები არიან, “-განაცხადა მინდია ბარამიამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფოთის მერის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდნენ.