როგორ ითვალისწინებს ბათუმი „გამითვალისწინე“-ს რეკომენდაციებს
რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"
იმის შესახებ, თუ რა პირობები სჭირდებათ ეტლით მოსარგებლეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის, საინიციატივო ჯგუფმა „გამითვალისწინე“ ვიდეორგოლი ჩაწერა. თათო მახარაძე, რომელიც ამ ჯგუფის სულისჩამდგმელია, თავადაც ეტლით მოსარგებლეა. კლიპში ის განმარტავს, რა წესებით უნდა მოხდეს ეტლით მოსარგებლეების მგზავრობა, რომ არ დაირღვეს მათი უფლება და ისინი სხვა მგზავრებთან თანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ.
თათო მახარაძე:
„მძღოლმა ავტობუსი უნდა გააჩეროს ტროტუართან მაქსიმალურად ახლოს. გაჩერების შემდეგ, ავტობუსიდან ჩამოსვლამდე, მძღოლმა უნდა გამოიყენოს ტრანსპორტის დაბლა დაშვების ფუნქცია. შემდგომ, მძღოლმა უნდა გახსნას პანდუსი და ჰკითხოს ეტლით მოსარგებლე პირს, სჭირდება თუ არა მას დახმარება. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მგზავრი თავად განუმარტავს მძღოლს, თუ როგორ ჯობია დახმარების გაწევა.“
არასამთავრობო ორგანიზაციის, „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე ამბობს, რომ ბათუმის ავტოტრანსპორტის დაახლოებით 95 პროცენტი ეტლის მოსარგებლეებისთვის ადაპტირებულია. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მათით სარგებლობა მაინც უჭირთ და ამის მიზეზი თავად ავტობუსი კი არა, ავტობუსის გასაჩერებელი სივრცეებია.
თომა კაკაბაძე:
„პარკირებების პრობლემაა. ხშირად, პარკირებულია მანქანები ავტობუსის მოსაცდელებზე, რაც პრობლემას უქმნის, შევიდეს გაჩერების ადგილში ნორმალურად, მიაყენოს. პანდუსი თუ არ გაიხსნა ტროტუარზე, თუ არ დაიდო, ვერ იქნება ჰორიზონტალურად, ანუ უფრო დახრილ ზედაპირს ქმნის, რაც საფრთხის შემცველია როგორც ასვლის, ასევე ჩამოსვლის დროს. ასვლის დროს დიდი ძალისხმევა სჭირდება თვითონ მძღოლს, რომ დაგეხმაროს აყვანაში და ჩამოსვლის დროსაც, სარისკოა, ანუ უკუსვლით უნდა ჩამოხვიდე და იქ რომ დაცურდეს მძღოლი ან ეტლი…“
ავტობუსის მძღოლი, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასახელებთ, ამბობს, რომ მძღოლები ბათუმის ავტოსატრანსპორტო კომპანიამ გადაამზადა და ეტლით მოსარგებლეების უსაფრთხოდ მგზავრობის პასუხისმგებლობას ისინი აცნობიერებენ. თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ყოფილა შემთხვევა, როცა ავტობუსის გაჩერებაზე პარკირებული კერძო მანქანების გამო, ეტლით მოსარგებლე ვერც კი აუყვანიათ და მიუტოვებიათ კიდეც.
მძღოლი:
„საიდან ავიყვან მაქ ეტლიანს? მერე, აქ დანაშაულია, რატომ გააჩერეო.“
ჟურნალისტი:
„ანუ შუა ქუჩაში უნდა გააჩეროთ?“
მძღოლი:
„შუა ქუჩაში ჩერდება და ჩასვლა-ამოსვლის დროს, რამე რომ დაუშავდეს მგზავრს, ყველანაირად გაგამტყუნებენ. უნდა გაუჩერო ავტობუსი და აიყვანო, მოემსახურო… მაგრამ ყველა შემთხვევაში ვერ გააკეთებ ამას. იმიტომ, რომ მისადგომი არ არის. ვერ აიყვან. ფაქტობრივად, ვერ აიყვან.“
ჟურნალისტი:
„ხშირია ეგეთი შემთხვევები?“
მძღოლი:
„მე ახლა, იშვიათად მქონია. ერთხელ მქონდა მასეთი, რომ ტროტუარს ვერ მივადექი და ის ვერ მოადგა ავტობუსს და თავისთავად, დარჩა. არის მასეთებიც.“
ავტობუსის გაჩერებაზე დაპარკინგებული ტრანსპორტის მონიტორინგი და დარღვევებზე რეაგირება ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საქმეა, თუმცა თომა კაკაბაძეც და ჩვენი რესპონდენტი ავტობუსის მძღოლიც ამბობენ, რომ ამ დარვევებზე მუნიციპალური სამსახური საერთოდ არ რეაგირებს.
თომა კაკაბაძე:
„არ არის კარგად მონიტორინგის სისტემა დახვეწილი ისე, რომ… აი, მაგალითად, ხშირად პატრულირებდნენ, ხშირად აჯარიმებდნენ ან ხშირად იყოს ეს ყველაფერი. საერთოდ, რაც ამ ბოლო პერიოდში შევამჩნიე, ალბათ, არჩევნების გამოა, რომ ამ ქუჩაზეც დადიოდნენ ხოლმე პარკირებებზე, აი, შშმ პირთა პარკირება რომ დახაზულია. დილით ერთხელ მაინც შემოივლიდნენ, ნახულობდნენ და აჯარიმებდნენ ან თუ ადგილზე იყო, გადააყვანინებდნენ. მაგრამ ბოლო პერიოდია, საერთოდ არავინ აღარ მოდის. უნდა დაურეკო და საგანგებოდ მოიყვანო, რაც… ისედაც, ქუჩებში დადიან და პატრულირებენ და… ჯერ ერთი, წვიმაში არ მუშაობენ, შაბათ-კვირას არ მუშაობენ, ყველა დასვენების დღეს ისვენებენ, ფაქტობრივად, 6-ის მერე არ მუშაობენ, პლუს ამას.“
მძღოლი:
„მთელი წელი ასეა. ყველა არღვევს. არ თქვას არავინ, რომ მე არ ვარღვევო. ძალიან მძიმე სიტუაციაა ქალაქში და ვერ გააკონტროლებენ ვერანაირად. ხალხს, ბარათის გაუტარებლობის გამო, – 20 ლარი ჯარიმა. მაგაზე უნდა იყოს ერთი 120 ლარი ჯარიმა, 200 ლარი ჯარიმა. ეგენი აიტანენ. რადგანაც მანქანა ჰყავს, იმ ჯარიმასაც აიტანს.“
გაჩერებაზე პარკირების ჯარიმა სულ რაღაც 10 ლარია. მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სანქციები ასეთ დარღვევებზე აუცილებლად გადაიხედება და გამკაცრდება. თუმცა, სავარაუდოდ, ეს არ იქნება საკმარისი და ჯარიმების ოდენობის გაზრდის პარალელურად, მერიას კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხის, ქალაქში პარკირების სივრცეების სიმცირის პრობლემის გადაჭრაც მოუწევს.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორი არჩილ კონცელიძე:
„ახლა სოციალურ ჩვენს გვერდზე გამოვაქვეყნე ზუსტად მაგ მიმართულების სტატისტიკა და შეგიძლიათ, იხელმძღვანელოთ აღნიშნული საკითხისთვის, რამდენი ჯარიმაა დაწერილი. მათ შორის, ჩაშლილია, ავტობუსის დგომა იქნება თუ ველობილიკი იქნება თუ ასე შემდეგ, სხვადასხვა დარღვევა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით. და რა იწვევს, ახლა… ტურისტული სეზონია, მანქანების სიმრავლე და ასე შემდეგ…“
ჟურნალისტი:
„ჰო, მაგრამ ამბობენ, რომ სეზონი არ არის გამონაკლისი და სულ ასეა.“
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორი არჩილ კონცელიძე:
„მაგ მიმართულებითაც ვმუშაობთ და მომავალში ვგეგმავთ, რომ გასწორდეს აუცილებლად და ჯარიმის რაოდენობა, მინიმალური რაც არის, ათლარიანი, გაიზარდოს.“
„ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტრანსპორტი, ამ ეტაპზე, უფრო, ეტლით მოსარგებლეებისთვისაა ადაპტირებული. ახლახან ამუშავდა ხმოვანი სისტემა, რომელიც ბათუმის ავტობუსებში გაჩერების შესახებ ატყობინებს უსინათლოებს. თომა კაკაბაძე ფიქრობს, რომ ასეთი სერვისი გაჩერებებზეც უნდა ფუნქციონირებდეს, სადაც, სპეციალურ ღილაკზე ხელის დაჭერით, ავტობუსების მოსვლის გაგებაც იქნება შესაძლებელი.
წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი „ჰერეთის“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.