როგორ მოახერხა სააკაშვილმა მოქალაქეებთან მისალმება-პენიტენციური სამსახურის განმარტება

ციხესთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილმა საშხაპე ოთახიდან მიმართა, რითაც შინაგანაწესი დაარღვია,ამის შესახებ სპეციალური განცხადება პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. მათი ცნობით, ბადრაგი მას დერეფანში ელოდებოდა.
პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და იმყოფება იმ საკანში, სადაც თავდაპირველად მოთავსდა.
„დაწესებულების დებულების თანახმად, მიხეილ სააკაშვილს შხაპის მიღება უწევდა და შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ დაწესებულების მოსამსახურეებმა საშხაპე ოთახში გაიყვანეს. საშხაპე ოთახში დაწესებულების მოსამსახურეებს შესვლა კანონით ეკრძალებათ და ისინი პატიმარს ოთახის გარეთ, დერეფანში ელოდებოდნენ.
მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და დაწესებულების გარეთ შეკრებილებს გადაძახილით მიმართა, რითაც დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი. დაწესებულების მოსამსახურეებმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედება მყისიერად აღკვეთეს და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება მოახდინეს”, – აცხადებენ უწყებაში.
მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის ციხესთან შეკრებილებს გისოსებიდან 21 ოქტომბერს მიმართა. მან რამდენიმე წამით შეძლო ფანჯარასთან მისვლა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.