მნიშვნელოვანისაქართველო

საია ,,ქართული ოცნებისა” და ,,გირჩის” მხრიდან ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებზე მიუთითებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 19 მაისის რიგგარეშე არჩევნების წინა პერიოდზე დაკვირვების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე. ანგარიშის მიხედვით, კანონით აკრძალული ქმედებები „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსა და ,,ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” მხრიდან განხორციელდა. საია ,,ქართული ოცნების მხრიდან, ამომრჩეველთა მოსყიდვის ორ შემთხვევაზე მიუთითებს, ხოლო გირჩის მხრიდან, ორგანიზაციის დაკვირვებით, ამომრჩეველთა მოსყიდვის ერთი ფაქტი დაფიქსირდა. ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ ,,გირჩთან” მიმართებაში, ამომრჩევლის რეგისტრაციით მანიპულირებისა და ფარულობის პრინციპის დარღვევის ერთი ფაქტიც გამოვლინდა.

ფოტო: patriarchate.ge

კერძოდ, ანგარიშში საუბარია 2019 წლის 11 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის შეხვედრის შემდეგ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილმა
სამების ტაძრის მოხატვის სრულად დააფინანსების პირობა დადო.

მეორე შემთხვევა კი 29 მარტს მოხდა, რა დროსაც, საიას ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი სოფელ ხიბულაში ადგილობრივ მოსახლეობას გაზით და წყლით მომარაგების პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

რაც შეეხება გირჩს, ანგარიშის თანახმად, მთაწმინდაზე „გირჩის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა, ჰერმან საბომ 2019 წლის 22 მარტს მხარდამჭერებს ამ ოლქში ჩაწერისკენ მოუწოდა და სამაგიეროდ,
ბინის მეპატრონეებს კომუნალური გადასახადის გადახდას დაპირდა. 

ასევე, საია თავის ანგარიშში, ,,გირჩის” განცხადებაზე დაყრდნობით, პარტიის მხრიდან კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევაზეც მიუთითებს, რომლის მიხედვითაც, ამომრჩეველი სარგებელს იმ პირობით მიიღებს, თუ საარჩევნო ბიულეტენის ფოტოს წარადგენს, რომელზეც მათი პოლიტიკური გაერთიანება იქნება შემოხაზული.

მსგავსი პოსტები

Back to top button