როგორ უნდა მოხდეს ახალი დირექტორის არჩევა საზოგადოებრივ მაუწყებელში
მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველი არხის დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადადგომის შესახებ მიმართა პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს, განცხადების დაკმაყოფილების შემდეგ, დღის წესრიგში ახალი დირექტორის არჩევის საჭიროება დადგება.
სანამ სამეურვეო საბჭო ახალ დირექტორს აირჩევს, მანამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნდა დაასახელოს, რაც სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მოხდება. შემდეგ ღია კონკურსი უნდა გამოცხადდეს ახალი გენერალური დირექტორის შესარჩევად.
როგორც „კანონში მაუწყებლობის შესახებ“ არის მითითებული, სამეურვეო საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის განცხადების დაკმაყოფილების შემდეგ მაუწყებლის ბორდმა 10 დღის ვადაში უნდა გამოაცხადოს ღია კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე. კონკურსის გამოცხადების შემდეგ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებების შეტანის პროცესი დაიწყება – მსურველები კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში შეიტანენ განცხადებებს, 30 დღის შემდეგ კი ახალი გენერალური დირექტორი ბორდის წევრებმა 7 დღეში უნდა აირჩიონ.
გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლისა და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლისა.