როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ვასილ როინიშვილი დანიშნა. მას პლენუმის 21 წევრიდან 18-მა დაუჭირა მხარი, ორი წინააღმდეგი იყო, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.
უფლებადამცველები, რომლებიც დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ, მისი დასრულების შემდეგ ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი ჰგავდა წინასწარ დადგმულ სპექტაკლს, რომელიც ამ სხდომაზე ფორმალურად მოიყვანეს სისრულეში.
„ეს საკითხი გავლილი და შეთანხმებულია, მათ შორის, კლანთან. ის განცხადებები, რომ საერთო სასამართლოებს სჭირდებათ წარმომადგენელი მოსამართლის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩემთვის ნიშნავდა იმას, რომ ისინი ამ პროცესს [განიხილავენ] არა როგორც მართლმსაჯულების საჭირო მოსამართლეს, არამედ როგორც საერთო სასამართლოებისთვის ცალკე აღებულს. სასამართლოს კლანი აკონტროლებს, კლანი მართავს და ეს მათი ინტერესების გაძლიერებას ემსახურება მხოლოდ”. – განაცხადა საიას თავმჯდომარე სულხან სალაძემ.
პოლიტიკური პარტია „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა დარღვევებით ჩატარდა.
„როდესაც მე სხდომაზე მათ მივმართე კითხვების დასრულების შემდეგ და ვუთხარი, რომ კონსტიტუციის რომელ ნორმაში წერია, ის დარღვევები, რომლითაც თქვენ ამ სხდომას ატარებთ-მეთქი, მიპასუხეს, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ კონსტიტუცია ირღვევა, მიმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოსო. ანუ თუ მიგაჩნიათ, რომ როინიშვილის დანიშვნის დროს კონსტიტუციას ვარღვევთ, როინიშვილს მიმართეთო. ეს არის უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სამართალი”. – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
უზენაესი სასამართლოს წევრი გიორგი მიქაუტაძე ვასილ როინიშვილის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე ამახვილებს ყურადღებას.
“მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც სისხლის სამართლის, ასევე, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. 10 წლის განმავლობაში და უფრო მეტი, ის იყო უზენაესი სასამართლოს წევრი და აქვს ძალიან მაღალი კვალიფიკაცია”. – უთხრა ჟურნალისტებს გიორგი მიქაუტაძემ.
ვასილ როინიშვილი 10 წლის ვადით აირჩიეს და ის ზაზა თავაძეს შეცვლის. როინიშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა, თუმცა მას შარშან უფლებამოსილება ამოეწურა.