მნიშვნელოვანისიახლეები

რომელი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა მთავრობამ-ოპოზიციას კობახიძესთან კითხვები აქვს

მმართველი გუნდის მტკიცებით ოპოზიცია იმისთვის არის ოპოზიცია რომ მხარი არ დაუჭიროს სამთავრობო გეგმას

რა კითხვები ექნება ოპოზიციას პარლამენტში პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მოსმენისას – “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მისი კითხვა შეეხება იმას, თუ რომელი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა მთავრობამ. მისივე თქმით, მისი პარტია განხილვებში აქტიურად ჩართვას აპირებს.

“ახლა “ქართულ ოცნებას” გეგმების განხორციელების დრო არ აქვს, ჩვენ ლოდინის დრო არ გვაქვს. კითხვა არის ის, რომ 12 წლის განმავლობაში რომელი დაპირება შეასრულეს. განხილვებში აქტიურად ჩავერთვებით, რომ ხალხს კიდევ ერთხელ ნათლად ავუხსნათ, რისი გამკეთებლები ვართ ჩვენ,” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

“რეფორმების ჯგუფის” წევრის, თეონა აქუბარდიას კითხვები კი 9 დათქმის შესრულებასა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხს შეეხება.

“9 რეკომენდაციასთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მექნება კითხვები პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატებში. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ყველა პრიორიტეტული მიმართულების განხორციელებაზეა აქცენტი გაკეთებული ისევე, როგორც მთავრობის ნაწილზე 9 რეკომენდაციის შესრულების,” – აცხადებს თეონა აქუბარდია.
ის რაც წერია [სამთავრო გეგმის] ამ ტექსტში, არის პარტიის, მთავრობისა და პარლამენტის ერთიანი პოზიცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აქ რადიკალური და კარდინალური ცვლილება ობიექტურად ვერ შევიდოდა. მეორე, მთავრობის მოღვაწეობა იყო წარმატებული და გამომდინარე აქედან, რადიკალურ ცვლილებებს არ საჭიროებს, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის მხრიდან წარმოდგენილი სამთავრობო გეგმა არაფრით განსხვავდება უკვე არსებული სამთავრობო გეგმისგან.

ქადაგიშვილის განმარტებით, ოპოზიცია იმისთვის არის ოპოზიცია, რომ მხარი არ დაუჭიროს სამთავრობო გეგმას და მას უარყოფითი შეფასება გაუკეთოს, თუმცა დეპუტატის შეფასებით, ოპოზიციის შეფასებები ძირითადად ქილიკზე იქნება დაფუძნებული.

„ის რაც წერია [სამთავრო გეგმის] ამ ტექსტში, არის პარტიის, მთავრობისა და პარლამენტის ერთიანი პოზიცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აქ რადიკალური და კარდინალური ცვლილება ობიექტურად ვერ შევიდოდა. მეორე, მთავრობის მოღვაწეობა იყო წარმატებული და გამომდინარე აქედან, რადიკალურ ცვლილებებს არ საჭიროებს. ბიუჯეტი, რომელიც დამტკიცებულია, ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ ერთი თვის წინ მივიღეთ და ამ ბიუჯეტზე პასუხისმგებლობა აქვს, რა თქმა უნდა, პარლამენტს აღებული. აქედან გამომდინარე, არც აქ იქნება ძირეული ცვლილება. თუ რა იქნება ახალი პრემიერ-მინისტრის აქცენტები და პოლიტიკური გზავნილები, ამას დავინახავთ, როდესაც ის სიტყვით გამოვა.

ოპოზიციას აწუხებს პერსონალური საკითხები და არა ის, თუ სახელმწიფოში რა კეთდება ეკონომიკისა და ხალხისთვის. ეს ის გადაწყვეტილებებია, რომელიც წარმატებულ პოლიტიკას კიდევ უფრო წარმატებულს გახდის, ეს არის ძირითადი მიზანი. წარმატებული პოლიტიკის მიმართულებები მრავალვექტორიანია და ჩვენ ყველა მიმართულებით როგორც პარტიულ ცხოვრებაში, ასევე საპარლამენტო და სამთავრობო საქმიანობაში გვაქვს მყარი საფუძველი, რომ კიდევ უფრო წარმატებულები ვიყოთ.

ოპოზიცია, რა თქმა უნდა, არ დაუჭერს მხარს, იმისთვის არის ოპოზიცია, რომ არ დაუჭიროს მხარი, თუ დაუჭერს მხარს, მაშინ ოპოზიცია აღარ იქნება და იქნება უმრავლესობის ნაწილი. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, უარყოფით შეფასებებს გააკეთებს, მაგრამ, ძირითადად, ეს უარყოფითი შეფასებები იქნება გარკვეულ ქილიკზე დამყარებული და არ იქნება შინაარსობრივი“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული სტრატეგიული ურთიერთობები მათ შორის ჩინეთის მიმართულებით, არსებული გეოპოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, ძალიან ლოგიკურია.

„თუ დააკვირდებით სამთავრობო პროგრამის სათაურს, ის ყველაფერს ამბობს: „ევროპული სახელმწიფოსთვის“. ეს არის საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მიზანი, მაგრამ ამავდროულად საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც მოთავსებულია ლუქსემბურგს, ნიდერლანდსა და ბელგიას შორის. ჩვენ ვართ იმ რეგიონში, სადაც მრავალი ინტერესი იკვეთება, ამიტომ ჩვენი პოლიტიკაც ვალდებულია, რომ ამ მრავალი ინტერესის გადაკვეთის ადგილზე იყო ადეკვატურად მოწოდებული ყველა ამ ინტერესების თუ გამოწვევების საპასუხოდ. დღეს ერთ-ერთი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ დასავლეთ-აღმოსავლეთის დერეფნის სრულმასშტაბიანი რეალიზაცია მოხდეს, სახეზე გვაქვს. გამომდინარე აქედან, ჩინეთი არის ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მთავარი აქტორი და ეს მიმართულება, ბუნებრივია, რომ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება მთავრობის საქმიანობის. ამიტომ აქ ყველაფერი არის ლოგიკური და ნორმალური. ასე რომ, ძალიან ვთხოვ ჩვენს ძვირფას ოპოზიციას, ეტლის ცხენივით თვალებზე ნუ აგვაფარებენ საფარებს!”- განაცხადა ქადაგიშვილმა.

სამთავრობო გეგმა ისეთი ფასადური და ბუტაფორიულია, როგორიც სამთავრობო ცვლილებები, ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ე.წ. მთავრობა – რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები ჩაწერონ ამა თუ იმ გეგმაში „ქართული ოცნება“ ამ გეგმით არასდროს მოქმედებს, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე სამთავრობო პროგრამას.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება” 12 წელია რაც მოსახლეობას ფურცელზე დაწერილ „ფუჭ ოცნებებს სთავაზობს“.

„სამთავრობო გეგმა ისეთი ფასადური და ბუტაფორიულია, როგორიც სამთავრობო ცვლილებები, ივანიშვილის და „ქართული ოცნების” ე.წ. მთავრობა. ქართველი ხალხი 12 წელია ხედავს “ქართული ოცნების” საქმეს და გეგმას, რომელმაც სიღარიბის, უმუშევრობის და მიგრაციის გარდა არაფერი მოუტანა ქვეყანას.

ეს არის რეალობა და რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები ჩაწერონ ამა თუ იმ გეგმაში „ქართული ოცნება“ ამ გეგმით არასდროს მოქმედებს, არც არასდროს იმოქმედებს. საქართველოს მოქალაქისთვის მთავარი გამოწვევა დგას ასე – ან ფასადური ცვლილებები ან რეალური ცვლილებები. ან იმედი და სამუშაო ადგილები, ან სიღარიბე. ოპოზიცია ვთავაზობთ რეალურ ცვლილებებს, სამუშაო ადგილებს, მაღალ ანაზღაურებას, ევროკავშირში ინტეგრაციას, “ქართული ოცნება” ფურცელზე დაწერილ ფუჭ ოცნებებს 12 წელია. დეტალებში შეყოლას აზრი არ აქვს, არცერთი სამთავრობო ე.წ. გეგმა არ განუხორციელებიათ“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

ამასთან, მან განმარტა, რომ „ქართული ოცნება” ვინც არის და რაც არის კარგად იცის ხალხმა, ივანიშვილის მორიგ „ფოჩიან კანფეტებს კი ხალხი არ ჭამს“.

„ჩვენ ვაპირებთ ვისაუბროთ როგორ შევქმნით მაღალანაზღაურებად ღირსეულ სამუშაო ადგილებს, როგორ დავამარცხებთ სიღარიბეს, როგორ დავაბრუნებთ ემიგრანტებს, როგორ მოვაგვარებთ ჩვენი 400 ათასამდე პენსიონერისთვის სესხთან არსებულ პრობლემას. ეს არის ჩვენი რეალური შეთავაზებები და არა ივანიშვილის მორიგი ფოჩიანი კანფეტები, რომლის გადმოყრასაც კიდევ აპირებს და ხალხი არ ჭამს“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.

მთავრობის შემადგენლობა ასეთია: კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;

ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;

იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია;

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი;

ამასთან, პარლამენტში ასევე შევიდა სამთავრობო პროგრამა, სახელწოდებით – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პირველ თებერვალს წარადგინეს.

პარლამენტი პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას 8 თებერვალს დაამტკიცებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button