რომის პაპი საქართველოს დღეს ეწვევა

დღეს რომის პაპი საქართველოს ეწვევა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და პარლამენტის თავმჯდომარე დახვდებიან.

დღესვე რომის პაპი პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრას გამართავს გიორგი მარგველაშვილთან და საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი და რომის პაპი 300-მდე მოწვეულ სტუმარს სიტყვით მიმართავენ, რომელთა შორისაც არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების და საზოგადოების წარმომადგენლები.

1 ოქტომბერს, რომის პაპი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა მესას აღავლენს და მესაზე დამსწრე საზოგადოებას ქადაგებით მიმართავს.

თბილისში მყოფი რომის პაპი ასევე გამართავს შეხვედრებს ასირიულ-ქალდეურ საზოგადოებასთან თბილისის სიმონ ბარ-საბას სახელობის ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებთან თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ ეკლესიაში და კამილიელი მამების სახელობის ცენტრში.

რომის პაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქთან ერთად მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს დაათავალიერებს და ტაძარში მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს.

რომის პაპის ორდღიან ვიზიტს საქართველოში მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები გააშუქებენ.
აკრედიტაცია 150-ზე მეტმა უცხოელმა ჟურნალისტმა გაიარა.

2 ოქტომბერს რომის პაპი ფრანცისკე თბილისიდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button