რომის პაპი საქართველოშია

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოშია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველ ლედი,საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დახვდნენ.

დღესვე რომის პაპი პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრას გამართავს გიორგი მარგველაშვილთან და საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი და რომის პაპი 300-მდე მოწვეულ სტუმარს სიტყვით მიმართავენ, რომელთა შორისაც არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების და საზოგადოების წარმომადგენლები.

1 ოქტომბერს, რომის პაპი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა მესას აღავლენს და მესაზე დამსწრე საზოგადოებას ქადაგებით მიმართავს.

თბილისში მყოფი რომის პაპი ასევე გამართავს შეხვედრებს ასირიულ-ქალდეურ საზოგადოებასთან თბილისის სიმონ ბარ-საბას სახელობის ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებთან თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ ეკლესიაში და კამილიელი მამების სახელობის ცენტრში.

რომის პაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქთან ერთად მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს დაათავალიერებს და ტაძარში მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს.

რომის პაპის საქართველოში ვიზიტს საწინააღმდეგო აქცია მოყვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პაპის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ, რადგან „პაპი სამოციქულო ვიზიტით“ ჩამოდის საქართველოში.
”ვაპროტესტებთ იმიტომ, რომ პაპი ჩამოდის სულიერი, სამოციქულო მისიით იმისათვის, რომ იქადაგოს რაც ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის მიუღებელია. ეწევა პროზელიტურ საქმიანობას, ატარებს მესას სტადიონზე, უნდა შესვლა სვეტიცხოველში”, – განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

მისივე თქმით, პაპი შეეცდება, რომ ეკლესიურად გაუნათლებელი მართლმადიდებელი ადამიანები გადაიბიროს. დეკანოზის თქმით, სწორედ ასეთი ადამიანების გადაბირება რომ არ მოხდეს, ამიტომ აქციაზე შეკრებილი მონაწილეები პაპის ვიზიტს საქართველოში აპროტესტებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button