რომის პაპმა ფეიკების წინააღმდეგ გაილაშქრა
რომის პაპმა, ფრანცისკემ პრესაში დეზინფორმაციების სიუხვე გააკრიტიკა და საზოგადოების მიერ ფეიკური ინფორმაციების მოხმარება კოპროფაგიას (ბერძნ. kopros განავალი, phagos შთანთქმა – საკუთარი ან სხვისი ექსკრემენტების მირთმევა) შეადარა.
„ვფიქრობ, რომ მასმედია უფრო გასაგები, უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს. გამოთქმისთვის ბოდიშს მოვითხოვ, მაგრამ მისი მონათხრობი სკანდალებსა და ათასგვარ სისაძაგლეზე კოპროფაგიასა და კოპროფილიას არ უნდა დაემსგავსოს, – განაცხადა პაპმა ბელგიურ გამოცემა Tertio-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, ადამიანები სხვადასხვა სიტუაციებიდან დასკვნას ვერ გამოიტანენ, თუკი მათ მასმედია მხოლოდ სიმართლის ნაწილს მიაწოდებს და არა საერთო სურათს.
პონტიფიკოსმა ამ სახით გააკრიტიკა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული გაუთავებელი სკანდალები, რომელიც მედიის მიერ გავრცელებულ საეჭვო ინფორმაციას მოჰყვა.
როგორც ცნობილი გახდა, სკანდალი პირადად პაპ ფრანცისკეს შეეხეო, როცა სოციალურ ქსელებში ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ პონტიფიკოსი ერთ-ერთ კანდიდატს მხურვალედ უჭერს მხარს.