მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რომის პაპმა რუსებს მიმარა და სიმართლის მოძებნისკენ მოუწოდა

9 აპრილს დედამიწის ქრისტიანების დიდი ნაწილი აღნიშნავს აღდგომის დღეს.

რომის პაპმა, ფრანცისკემ საზეიმო-სააღდგომო მესა გახსნა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, რომელიც უამრავი ყვავილით მორთეს და სადაც ათასობით ადამიანი, რომის მოქალაქეები და ქალაქის სტუმარი, შეიკრიბა.

პაპმა თავის ტრადიციულ სააღდგომო მიმართვაში რუსებს სთხოვა, მოძებნონ სიმართლე მათი ქვეყნის უკრაინაში შეჭრის შესახებ და ასევე, ბოლო დღეების ძალადობის შემდეგ მიმართა ისრაელებს და პალესტინელებს, დიალოგი გამართონ.
რომის პაპმა “საყვარელი უკრაინელი ხალხის” მშვიდობისთვის ილოცა და ღმერთს შეევედრა რუსეთის ხალხს აღდგომის ნათელი მოეფინოს.

„დაეხმარე საყვარელ უკრაინელ ხალხს მშვიდობის გზაზე და აღდგომის ნათელი გადააფარე რუსეთის ხალხს“ – თქვა პაპმა.
ამასთან, რომის პაპმა სააღდგომო მიმართვისას სირიაც ახსენა, რომელიც ჯერ კიდევ მშვიდობის მოლოდინშია. პონტიფექსმა სირიასა და თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლებზეც გაამახვილა ყურადღება.
მანვე ილოცა ლიბანის დახმარებისთვის, რომელიც სტაბილურობისა და ერთიანობის აღსადგენად იბრძვის. კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა სააღდგომო გზავნილში ახსენა მიანმარიც.

ამას გარდა, რომის პაპმა დახმარება ითხოვა ჰაიტისთვის, სადაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა. პონტიფექსმა ილოცა ტუნისისთვის, ისევე როგორც, საერთაშორისო ტერორიზმის მსხვერპლთა ნუგეშისცემისთვის, განსაკუთრებით ბურკინა ფასოში, მალიში, მოზამბიკსა და ნიგერიაში.

„დაე, უფალმა მხარი დაუჭიროს მშვიდობისა და შერიგების ძალისხმევებს ეთიოპიაში, სამხრეთ სუდანსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“, – აღნიშნა პაპმა.

კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ნიკარაგუასა და ერიტრეაში ქრისტიანების მდგომარეობაზეც.

პაპმა ფრანცისკემ მოწყვლადი ადამიანებისთვისაც ილოცა. მანვე შიმშილის, ნარკომანიის, ადამიანებით ვაჭრობისა და მონობის ყველა სხვა ფორმის მსხვერპლთათვის დახმარებაზეც ისაუბრა.

„დაე, უფალმა ნუგეში მისცეს ლტოლვილებს, დეპორტირებულებს, პოლიტპატიმრებსა და მიგრანტებს“, – დასძინა პონტიფექსმა.

86 წლის პაპმა სააღდგომო მესა ჩაატარა მზით განათებულ პეტრეს მოედანზე მას მერე, რაც სეზონისთვის უჩვეულო სიცივის გამო გამოტოვა პარასკევის მესა გარეთ, რადგან მას სიფრთხილეს ურჩევენ მარტის ბოლოს გადატანილი ბრონქიტის შემდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button