რომის პაპს ბოლივიაში „კომუნისტური ჯვარცმა“ მიართვეს [video]
ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა რომის პაპს უცნაური საჩუქარი მიართვა – ჯვარცმა ნამგლის და უროს ფორმით.
ამ ფაქტს, სოციალურ ქსელებში, დიდი აურზაური მოჰყვა, ვინაიდან ნამგალი და ურო კომუნისტური იდეების ამსახველი სიმბოლოა.
მექსიკური პორტალი La Vanguardia გადმოსცემს, რომ აღნიშნული ჯვარცმა, ესპანელ-ბოლივიელი იეზუიტი მღვდლის ლუის ესპინალის ნამუშევრის ზუსტი ასლია. ესპინალი, 1980 წელს, ადამიანთა უფლებების დაცვისთვის, ლა-პასში მოკლეს. მან ეს უცნაური ჯვარცმა ხისგან 1978 წლის იანვარის შიმშილობის საპატივსაცემოდ გამოთალა, როცა ბოლოვიის დიქტატორი უგო ბანსერა იძულებული გახდა, საერო არჩევნები დაენიშნა.
„პონტიფიკოსს ეს ჯვარი უნდა მიეღო, რადგან იგი ღარიბთა პაპია. ამაში იყო საჩუქრის არსი და საფუძვლად სხვა ქვეტექსტი არ უდევს“, – განაცხადა ბოლივიის კავშირგაბმულობის მინისტრმა მარიანელ პაკომ.
თავის მხრივ, ვატიკანშიც აღნიშნეს, რომ პაპმა საჩუქარი მშვიდად აღიქვა და ნეგატიური რეაქცია არ ჰქონია.