როსსელხოზნადზორმა ქართულ მანდარინებზე თურქული მარკირება აღმოაჩინა

რუსეთის ფედერაციაში საქართველოდან გაგზავნილი მანდარინების საკარანტინო ფიტოსანიტარული კონტროლის განხორციელებისას, სტავროპოლის მხარის როსსელხოზნადზორის მუშაკებმა პროდუქტზე თურქეთის რესპუბლიკის მარკირება აღმოაჩინეს, – უწყებაზე დაყრდნობით გადმოსცემს რადიო Sputnik.

საქართველოდან გამოგზავნილ მანდარინებზე თურქული მარკირების აღმოჩენასთან დაკავშირებით, როსსელხოზნადზორი პროდუქციის შესაძლო ფალსიფიკაციაზე ყურადღებას ამახვილებს, – ნათქვამია რუსული უწყების გზავნილში.

„იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან რუსეთში თურქულ პროდუქციაზე სპეციალური ეკონომიკური ზომებია შემოღებული, არასასურველი შედეგების თავიდან აცილების მიზნით გვსურს, რომ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეებმა შესაძლო ფალსიფიკაციას ყურადღება მიაქციონ“, — ნათქვამია შეტყობინებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობამ იმ პროდუქტების სია უკვე დაამტკიცა, რომლის იმპორტი თურქეთიდან რუსეთში ახალი წლიდან აკრძალული იქნება. ჩამონათვალში ფრინველის ხორცი, სუბპროდუქტები, პომიდორი, ხახვი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, კიტრი, ძირხვენები, ხილი, ციტრუსი, მარილი და მიხაკი შევიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button