მსოფლიოსიახლეები

RSF: თურქმენეთში სიტყვა “კორონავირუსი” აკრძალეს

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) აცხადებს, რომ თურქმენეთში სიტყვა “კორონავირუსი” აკრძალეს.

არასახელისუფლებო გამოცემის თურქმენეთის ქრონიკების ინფორმაციით, სახელმწიფო მედიასაშუალებებს აღარ აქვთ ამ სიტყვის გამოყენების უფლება და ის ამოიღეს ბროშურებიდან, რომელიც სკოლებში, საავადმყოფოებსა და სამუშაო ადგილებში დაარიგეს.

რადიო თავისუფლების თურქმენეთის სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა შეიძლება ქუჩაში დააკავონ ადამიანი, რომელიც კორონავირუსზე საუბრობს ან შავი პირბადე უკეთია.

როგორც RSF აღნიშნავს, კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვით თურქმენეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს საფრთხეში აგდებს. თურქმენეთის მოქალაქეებს წვდომა აქვთ მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლებას კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

გარდა ამისა, ქვეყნის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა პრევენციის მიზნით საზოგადოებრივ ადგილებში ტრადიციული მცენარის “ჰარმალას” დარგვის ბრძანება გასცა.

პრესის თავისუფლების ინდექსში 2019 წელს თურქმენეთმა ბოლო ადგილი დაიკავა და ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ ქვეყნად მიიჩნევა. ხელისუფლება ყველა მედიასაშუალებას აკონტროლებს და დევნის მათ, ვინც ტოტალური კონტროლის შესახებ ხმამაღლა საუბრობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button